პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია თავიდან შეიქმნება

თითქმის ერთი თვეა, რაც პარლამენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია აღარ ჰყავს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია, როგორც დროებითი ორგანო, პარლამენტში 2004 წლიდან არსებობს. ის მეცხრე მოწვევის პარლამენეტში 2017 წლის 1-ელ მარტს, ორი წლის ვადით შეიქმნა. კომისიას უფლებამოსილების 2-წლიანი ვადა კი, ისე ამოეწურა, რომ ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა არ ყოფილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია პარლამენტში ახლიდან შეიქმნება. კითხვაზე, რატომ არ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა მანამდე არსებულ კომისიას, ვოლსკიმ განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარეს პარლამენტისთვის კომისიის ანგარიში უნდა წარედგინა და მასვე დაეყენებინა ვადის შემდგომი ორი წლით გაგრძელების საკითხი, რაც არ მომხდარა.

“სწორედ ამიტომ პარლამენტი ძალიან მალე მიიღებს დადგენილებას კომისიის ახლიდან შექმნის თაობაზე. კომისია სრულფასოვან საქმიანობას მალე გააგრძელებს. გედევან ფოფხაძის ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს პოზიტიური იყო კონსენსუსი ქეთევან ციხელაშვილის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ “ნაბიჯი უკეთესი მომავლის“ თემასთან დაკავშირებით, თუმცა კომისიას ამის შემდგომ მუშაობა აღარ გაუგრძელებია, რაც სამწუხაროა“, - განუცხადა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“.

დროებითი კომისიის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოსაწესრიგებლად მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირება, მათ განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესება, სამშვიდობო პროცესისათვის ხელის შეწყობა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებისა და დასკვნების მომზადება, რეკომენდაციებისა და წარდგინებების შემუშავება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს