გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში მტკიცებულებების და მოწმეების წარდგენა დაასრულა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე, პროკურატურამ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებებისა და მოწმეების წარდგენის პროცესი დაასრულა. მომდევნო კვირიდან კი დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ, გენერლის მკვლელობის დღეს, გიორგი ჭანტურიას ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე და რუსთავში გადაადგილების ამსახველი ის ვიდეომასალა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა. სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი.

საქმის პროკურორის ლევან ჯალაღანიას განცხადებით, ვიდეოსათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული ინფორმაციით დადასტურებულია, რომ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს და დროს გიორგი ჭანტურია იმყოფება ბაზრობის ტერიტორიაზე და მკვლელობის დასრულებისთანავე, ის საკუთრებაში არსებული ,,შკოდას“ მარკის ავტომანქანით ტოვებს შემთხვევის ადგილს.

,,დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ გამოკვლეული იქნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც შეადგინა აღნიშნული დასკვნა. აღნიშნული დასკვნით ბრალდებამ მოიპოვა მტკიცებულება იმის დასტურად, რომ მკვლელობის დღეს რა მიმართულებით მოძრაობდა გიორგი ჭანტურია, რა ტანისამოსი ეცვა მას. ამ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი ჭანტურიას ქუთათელაძის მკვლელობამდე ეცვა სხვა ტანისამოსი, კერძოდ მას ეფარა ე.წ. ბურთიანი ქუდი და მკვლელობის შემდეგ, იგი იცვლის ტანსაცმელს, მიემართება ე.წ. ძველი რუსთავის მიმართულებით ბანკში პირად საქმეზე და ამის შემდეგ, უკვე გამოცვლილი ტანსაცმელით, როდესაც უკვე საჯარო გახდა საზოგადოებისათვის, რომ მოხდა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა, ალიბის შექმნის მიზნით მიემართება შემთხვევის ადგილზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს იყო მისი გამიზნული, მიზანმიმართული ქმედება, რომ ასე ვთქვათ დაეფარა კვალი და გამოძიებას არ მიეტანა ეჭვი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ლევან ჯალაღანიამ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, გასული წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრადებით გიორგი ჭანტურია, გასული წლის აგვისტოში რუსთავში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა. ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს. დაკავების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას ბრალი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებაზე წაუყენა გამოძიებამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა