ირაკლი კობახიძე - დასავლეთში, თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს

დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს, თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციაშიც აისახა, რითაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ამისთვის სამი მიზეზი არსებობს.

„პროდასავლური პოლიტიკა ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია - საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას; დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანება საქართველოს ცივილიზაციური დანიშნულებაა, რაც ფესვებს ჩვენს ისტორიასა და კულტურაში იდგამს; დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ამაყობს ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ ხელშესახები წინსვლით. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან, ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატ მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს.

“ჩვენ ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების და მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებას; საქართველო შეუერთდა ენერგოკავშირს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის; საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია ჩვენი მოსახლეობისათვის, საქართველოსთვის აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული მნიშვნელობა, არამედ იგი წარმოადგენს მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატად. ასევე, ეს არის ჯილდო ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ამ მიზნისადმი ერთგულებისათვის; დავიწყეთ მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საერთო შეშფოთების საკითხების განსახილველად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზეა ფოკუსირებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა აფასებს სერბეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას.

„ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე. ამ კუთხით, ვმუშაობთ ამბიციური საგზაო რუკაზე ევროკავშირთან დასაახლოებლად. ასეთი მიდგომა და ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საქართველო მზად იქნება, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება.

სერბეთის რესპუბლიკამ უდიდეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. საქართველო აფასებს სერბეთთან - ევროკავშირის ლიდერ კანდიდატ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ამ მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო