ექსპერტების ნაწილი მოსამართლეთა არჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მოსაზრებებს ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტების ნაწილი საკუთარ მოსაზრებებს ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნის.

როგორც სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში აქცენტები რამდენიმე მიმართულებით კეთდება და მთავარი ყურადღება გამახვილებულია, რომ პრობლემა არა კანონპროექტში, არამედ დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაშია.

„მომდევნო კვირაში ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ვიზიტით ჩამოვლენ საქართველოში, შეხვდებიან დაინტერესებულ საზოგადოებას და შეისწავლიან კანონპროექტს, შემდეგ დადებენ დასკვნას. გარდა იმისა, რომ კოალიციამ, რომელშიც გაწევრიანებულია ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გაუგზავნეს ვენეციის კომისიას თავიანთი მოსაზრებები, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა - მე, ანა ნაცვლიშვილმა, ია ბაქრაძემ, უჩა ნანუაშვილმა, ირაკლი კორძახიამ, კახა წიქარიშვილმა ასევე შევადგინეთ ჩვენი მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით და ვუგზავნით ვენეციის კომისიას.

ჩვენი მოსაზრებები რამდენიმე ნაწილისგან შედგება, პირველი არის კონტექსტის აღწერა. უშუალოდ რა პრობლემებია კანონპროექტში და შემდეგ შეთავაზებები. მთავარი, რაზეც ვენეციის კომისიის ყურადღება გვინდა მივიქციოთ არის კონტექსტი, საქართველოში არსებული სიტუაციის. ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ, დაიწყო წლების წინ, როდესაც სასამართლოში გამეფდა კლანის მმართველობა და ამ კლანს მართავდა ჯერ წინა ხელისუფლება და შემდეგ ეს გადაიბარა ახლანდელმა ხელისუფლებამ. მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია, კანონმდებლობაში კი არა, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კლანშია. დოკუმენტი იგზავნება დღეს. ვენეციის კომისია გაგზავნილ წერილებზე მოსაზრებებს ცალკე არ ამბობს. ის იტყვის თავის პოზიციას, როცა გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას. აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული კონტექსტი და რეალობა. ნახეთ, როდის დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა, დაიწყო მაშინ, როდესაც 2018 წლის დეკემბერში საბჭომ ფურცლის ნაგლეჯზე 10 ადამიანი ჩამოწერა, კენჭი უყარა და სამარცხვინოდ წარადგინა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი ადამიანების სია. რა იყო შესაბამისად კანონპროექტის მიზანი?! მისი მიზანი და ამოცანა უნდა ყოფილიყო, რომ საბჭო როცა ასე ცუდად იქცევა როგორღაც კანონპროექტით შევუზღუდოთ ასეთი საქციელის ჩადენის შესაძლებლობა და ვაიძულოთ კეთილსინდისიერი კანდიდატები დაასახელონ და მინიუმ ვერ დაბლოკონ კეთილსინდისიერი კანდიდატები“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე შეფასებით, კანონპროექტის, შემუშავებაში კობახიძესთან ერთად მონაწილეობდნენ „კლანის“ წევრებიც.

„ისხდნენ ერთ ოთახში და დეპუტატებთან ერთად შეიმუშავეს ეს კანონპროექტი. ილუზია რომ კლანის მიერ შედგენილი კანონპროექტი იქნებოდა კლანის უფლების შემზღუდავი, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ეს კანონპროექტი შეეცდება შეალამაზოს არსებული რეალობა. როდესაც დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა, მაშინვე ვთქვი, რომ შეეცდებიან ამ კანონპროექტმა შეასრულოს იმ ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქცია, რომელიც ლამაზად შეფუთავს იმას, რაც საქართველოში არ მოწონს არავის. დღეს ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ექსპერტს, ვისაც მოსწონს ის , რაც ხდება საქართველოში", -განაცხადა კოჟორიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა