საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 4%-ით შემცირდა

2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4 %-ით ნაკლებია, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ცოცხლად დაბადებულ ბავშვებს შორის, 26 538 ბიჭი , ხოლო 24 600 გოგოა.

„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის,“- აღნიშნულია ანგარიშში.

მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა , 16 161 ბავშვი, დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში , სადაც მხოლოდ 328 ბავშვი დაიბადა.

ამასთან, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 38.9 პროცენტიდან 37.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 22.6 პროცენტიდან 23.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.6 წლით განისაზღვრა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 122 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656 კაცი).

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 416 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა. ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2017 წელთან შედარებით 1.4 პუნქტით შემცირდა და 9.8 პრომილე შეადგინა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

2018 წლის ბუნებრივი მატება , ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა.

„ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში,“- წერია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა