ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რეგიონების მასშტაბით, 12 მანქანა უკვე გამოყოფილია სოციალური მუშაკებისთვის, 11 მანქანა კიდევ დაემატება პარტნიორი სამინისტროებიდან

„რეგიონების მასშტაბით 12 მანქანა უკვე გამოყოფილია სოციალური მუშაკებისთვის. 11 მანქანა კიდევ დაემატება პარტნიორი სამინისტროებიდან,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე სოციალური მუშაკებისთვის 30 მანქანის მობილიზება მოხდება.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, გადაუდებელი რეაგირების შემთხვევებისთვის, სოციალურ მუშაკებს ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ. ბარკალაიას თქმით, ტაქსის ფირმების შესარჩევად გამოქვეყნდება ტენდერი.

„ტრანსპორტირება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ჩვენს ოთხპუნქტიან გეგმაშიც იყო და სოციალურ მუშაკებთანაც გვქონდა აქტიური განხილვა. რეგიონების მასშტაბით 12 მანქანა უკვე გამოყოფილია სოციალური მუშაკების სარგებლობისთვის, აქედან ორი თბილისში, თითო-თითო რეგიონებში. 11 მანქანა კიდევ დაემატება პარტნიორი სამინისტროებიდან. შემოსავლების სამსახური გვაძლევს 11 მანქანას, უკვე გაფორმების პროცედურებია დაწყებული და 4 მანქანის გადმოცემა უკვე დასრულებულია და დანარჩენების გაფორმების პროცესში ვართ. ანუ 15 რიცხვამდე სოციალური სამსახურს სარგებლობისთვის გადაეცემა 23 მანქანა, ხოლო ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ 30 მანქანის მობილიზება გავაკეთოთ. მაისის ბოლომდე ამას გავაკეთებთ.

რეალურად, 30 მანქანამ შესაძლოა მთლიანად არ დაფაროს ის საჭიროებები, რომელიც სოციალურ სამსახურს აქვს და გადაუდებელი რეაგირებისთვის საჭირო იქნეს ტრანსპორტირებისთვის საჭირო რესურსი. სწორედ ამიტომ გადაუდებელი რეაგირების საჭიროებისთვის, გამოყენებული იქნება ტაქსის რესურსი. ტენდერი გამოქვეყნდება და გაფორმდება ტაქსის ფირმებთან, რომლის გამოყენებაც სოციალურ მუშაკებს შეეძლებათ გადაუდებელ შემთხვევებში,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მიერ მიღებული “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი უწყებები ანგარიშს წარადგენენ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს