ალექსანდრე ბარამიძე - ვენეციის კომისიის დასკვნას და სავარაუდო კრიტიკულ მოსაზრებებს მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

ვენეციის კომისიის დასკვნას და მის სავარაუდო კრიტიკულ მოსაზრებებს გარკვეულ პრინციპებთან დაკავშირებით უკვე მნიშვნელობაც აღარ ექნება, რადგან კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ბარამიძის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტი არის ძალიან ცუდი და მისი მიზანია „კლანის“ გაძლიერება. მისივე თქმით, უმრავლესობა იმიტომ ჩქარობდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, რომ მას გარკვეული მოლოდინი ჰქონდა ვენეციის კომისიის შენიშვნებთან დაკავშირებით.

„გავეცანი კანონპროექტს და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდი კანონპროექტია, რომლის მთავარი მიზანი არის, რომ სისტემაში არ დაუშვას სასამართლოს გარედან კანდიდატების შეშვება. მეორე მხრივ, პირიქით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად პარლამენტს წარედგინოს მხოლოდ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სასამართლოში გაბატონებული „კლანისთვის“ იქნება დამაკმაყოფილებელი და სასურველი. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების ნომინირებისთვის პროცედურა არის ძალიან ხანგრძლივი და რთული, რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირისთვის, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რაც ავტომატურ რეჟიმში უარს ათქმევინებს ნებისმიერს, ვინც არ არის სისტემის ნაწილი და რომელსაც შესაძლოა აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია. არავის არ მოუნდება სახელდახელოდ მომზადებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. მითუმეტეს, რომ ამ ყველაფერს ამზადებს თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭო, სადაც მოსამართლეთა კლანი არის გაბატონებული“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისია მოიწვია იმისთვის, რომ თავისი დასკვნა გაეკეთებინა კანონპროექტთან დაკავშირებით, სასწრაფო წესით კანონპროექტი მაინც პირველი მოსმენით მიღებულია.

„საფუძვლიანი ეჭვია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იმიტომ ჩქარობდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, რომ ელოდა ვენეციის კომისიას ექნებოდა გარკვეული პრინციპების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები“,-განაცხადა ბარამიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს