ვახტანგ ჭარაია - თებერვალში ეკონომიკის 4,6%-იანი ზრდა გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია

თებერვალში ეკონომიკის 4,6 პროცენტიანი ზრდა გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი ნდობა ძალიან მაღალია, ბიზნეს გარემო კი საკმაოდ პოზიტიურადაა შეფასებული. ჭარაიას შეფასებით, საჭიროა მიღწევების მოსახლეობის ფართო ფენებზე გადანაწილებაზე მუშაობის გაძლიერება, რათა თითოეული ქართული ოჯახის შემოსავალი გაიზარდოს.

„მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ჩავარდნას ადგილი არა აქვს, თუმცა ათწლეულების განმავლობაში არსებული დაბალი ინკლუზიურობის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება და შესაბამისად, ეს პოზიტიური მაჩვენებლები მოსახლეობის ფართო ფენებზე თანაბრად არ ვრცელდება, რაც ხშირად მათ უკმაყოფილებას იწვევს. წარმატების მიღწევა განათლებასა და მეცნიერებაში მეტი რესურსის ჩადების გარეშე შეუძლებელია და ამას საბედნიეროდ, მთავრობა აცნობიერებს და შესაბამის რეფორმებსაც აანონსებს, რასაც მივესალმები. ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა ძლიერი ეკონომიკის საწინდარია,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალის საშუალო ზრდა კი 4.1 პროცენტს გაუტოლდა. აგრეთვე, 2019 წლის თებერვალში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8 პროცენტით არის გაზრდილი.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ