დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დააჯილდოვა

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი ხალხისათვის. იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრების, ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი და მოხდა მისი ინიცირება. აღნიშნული დამსახურებისთვის, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, დეპუტატები დააჯილდოვა მედლებით, რომელიც სპეციალურად დამზადდა 2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მსგავსი ჯილდო გადაეცემათ პიროვნებებს, საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

მედალი წარმოადგენს ნუმიზმატიკურ იშვიათობას. სულ დამზადებულია 30 ცალი, რომლითაც დაჯილდოვებულნი არიან: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე, ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და სხვა პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრების მიერ, აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით.

„საკანონმდებლო ინიციატივამ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ გააჩინა შესაძლებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.