ეროვნული ბანკი „მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტს“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და საქმიანობაზე საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი ინტერნეტ გვერდზე მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტს აქვეყნებს,რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ახორციელებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას მისი მთავარი მიზნის - ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ, წამყვანი ცენტრალური ბანკების გამოცდილების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი" , რომელიც მოიცავს როგორც მონეტარული პოლიტიკის ფორმირების ძირითად პრინციპებს, ასევე საოპერაციო დეტალებს. „ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც თავის მხრივ მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ახორციელებს. ინფლაციის თარგეთირება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი სისტემად ითვლება. ამ დროს ცენტრალური ბანკის მიერ წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც საქართველოს შემთხვევაში არის წლიური 3 პროცენტი, და მონეტარული პოლიტიკის ფორმირება ხდება იმგვარად, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. ამავე დროს, 3 პროცენტი არ არის ლიმიტი და ინფლაცია მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრილი იყოს როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ის სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილების გადაწყვეტილება მოსალოდნელ ინფლაციაზე დაყრდნობით მიიღება. მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩო კი, მოიცავს ლიკვიდობის მართვას, მოკლევადიანი ლიკვიდობის პროგნოზირებას, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებსა და გირაოს მართვას.

"მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი", ასევე, აღწერს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკას. ამასთან, მასში ხაზგასმულია მიმდინარე გამოწვევები, კერძოდ, დოლარიზაცია, რომლის დაძლევა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი ზრდის წინაპირობაა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე