ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართავენ

საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს, ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

ორგანიზაციები, მადლობას უხდიან ვენეციის კომისიას გაწეული სამუშაოსთვის და გამოთქვამენ იმედს რომ გაგრძელდება ნაყოფიერი ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინტერესებისთვის.

„უპირველეს ყოვლისა გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ვენეციის კომისიისა და პირადად თქვენი წვლილისთვის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, ხოლო ამ კონკრეტულ მომენტში, სასამართლო სისტემის რეფორმირებაში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც მოსამართლეთა გამწესებაზეა პასუხისმგებელი და რომელიც ამჟამად 14 წევრისგან შედგება (აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარემ თანამდებობა ძალიან ბუნდოვან ვითარებაში დატოვა, შესაძლოა ზეწოლის ფონზე), საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად 10 მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა უზანაესი სასამართლოს წევრობისთვის. თოთხმეტიდან 11 იუსტიციის საბჭოს წევრმა, მათ შორის იმ არამოსამართლე წევრებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ არიან დამტკიცებული, მხარი დაუჭირა აღნიშნულ სიას, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტების და ფართო საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია. სია შედგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ მდგომი რეპუტაციის მქონე მოსამართლეებისგან, რომელთაც წარსულში საეჭვო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთა მიმართ დაბალია საზოგადოებრივი ნდობა. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე „ქართულ ოცნებას“ მოუწია ნომინაციის პროცესის შეჩერება და კანონის რეფორმირების პირობის დადება, მერიტოკრატიული და გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის უზრუნველსაყოფად.

სამი თვის შემდეგ ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დაპირებას უღალატა და ძირეული რეფორმის ნაცვლად საზოგადოებას თავს მოახვია ფასადური პროცესი, სადაც ნომინაციის კრიტერიუმები და პროცედურები მხოლოდ ილუზიის შექმნის მიზნითაა შემოთავაზებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლიდერობით (რომლის მზარდად აგრესიული რიტორიკა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ ცალკე შეშფოთების საგანია), შეინარჩუნა გადაწყვეტილების მიღების ფორმულა ნომინაციის პროცესში, რაც აკანონებს და განამტკიცებს გავლენიან მოსამართლეთა ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში, რომელიც კლანად ჩამოყალიბდა. განხილვის პროცესში რამდენიმე სხვადასხვა ინიციატივა გაჟღერდა, რომელიც ძალაუფლების აღნიშნული კლანის ხელში კონცენტრაციის თავიდან აცილებას ემსახურებოდა, მათ შორის გაჟღერდა ცალკეული კვორუმის დაწესების იდეა მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისთვის; ასევე იყო შემოთავაზებული ორი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის მხრდიდან კონსენსუზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების წესი. მესამე ინიციატივა ვეტოს უფლებას ანიჭებდა თითოეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნომინაციის პროცესში.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ყველა აღნიშნულ ინიციატივაზე, ისე მიიღო კანონი პირველი მოსმენით, რომ არც კი დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, და კონსტიტუციის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ინტერპრეტაციის ფონზე, გაიტანა საკუთარი გადაწყვეტილების მიღების ფორმულა და ამით გამორიცხა დაცვის მექანიზმის შექმნა კლანური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა ასევე ინტერესთა კონფლიქტის სრულიად დამახინჯებული ფორმა, სადაც კანდიდატს მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში გადაწყვეტილებისას უწევს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს კონკურენტების შესახებ გადაწყვეტილებებში, რაც შიდა გარიგებების შესაძლებლობას ტოვებს საბჭოში.

კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ნაჩქარევად, პირველი მოსმენით პარლამენტში უკვე მიიღო, ასევე შეიცავს სხვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, როგორებიცაა, კანდიდატთა წრის შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს სამოსამართლეო გამოცდა, რაც ავტომატურად გამორიცხავს კონკურსში ისეთი პოტენციურად ძლიერი კანდიდატების მონაწილეობას, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო აკადემიური ან ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება; კანდიდატების რაოდენობის თვითნებური შემცირება გართულებული პროცედურის მეორე ეტაპზე; კეთილსინდისიერების კრიტერიუმის გაუთვალისწინებლობა ნომინაციის პროცესის მესამე ეტაპზე; გადაწყვეტილებების დასაბუთების მოთხოვნის არარსებობა და ფარული კენჭისყრის პროცედურა, რომელიც აპრიორი გამორიცხავს პროცესის გამჭვირვალეობას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად. ერთობლიობაში აღნიშნული ხარვეზები არ ტოვებს წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში რეალური რეფორმის გატარების შესაძლებლობას სასამართლო სისტემაში. თუ კანონპროექტი ამ ფორმით იქნება მიღებული და ზემოთ აღწერილი ხარვეზები არ გამოსწორდება, საქართველო ათწლეულებით დააკანონებს კლანურ მმართველობას მართმსაჯულების სისტემაში.

იმისათვის, რომ კანონპროექტი მეტნაკლებ შესაბამისობაში მოვიდეს კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პოტენციურად კვალიფიცირებული კანდიდატის მონაწილეობა ნომინირების პროცესში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემდეგი ცვლილებები შევიდეს წარმოდგენილ პროექტში: ა) გაუქმდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობის წარმოდგენის ვალდებულება, რათა სისტემის გარეთ მყოფ კვალიფიცირებულ პირებს მიეცეთ ნომინირების პროცედურაში მონაწილეობის შესაძლებლობა; ბ) გაუქმდეს მეორე ეტაპზე ფარული კენჭისყრის წესი, რომლის მეშვეობითაც საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ თვითნებურად შეამცირონ შემდეგ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა; გასაუბრებაზე უნდა დაშვებულ იქნეს ყველა კვალიფიცირებული კანდიდატი; გ) გასაუბრების ეტაპზე კანდიდატები შეფასდნენ, როგორც კომპეტენტურობის, ისე კეთილსინდისიერების კრიტერიუმის შესაბამისად, როგორც ეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების შემთხვევაში ხდება; დ) გასაუბრების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა შეიცვალოს იმგვარად, რომ ქვორუმი ავტომატურად არ იძლეოდეს კლანური გადაწყვეტილების მიღების დაკანონების შესაძლებლობას; ასევე შესაძლებელია გაუქმდეს კენჭისყრის პროცედურა ამ ეტაპზე და შეფასების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები ჩაითვალონ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატებად; ამ ეტაპზე გონივრულად მიგვაჩნია კანდიდატების რაოდენობის ვაკანსიების რაოდენობის სამჯერ მეტი რაოდენობით შეზღუდვა.

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვთვლით, რომ ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯით ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რამაც შესაძლოა მწვავე სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რეკომენდაციები ამ კრიზისის თავიდან აცილებას მოემსახურება და საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესში იქნება. კრიზისის თავიდან აცილების მიზნით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩერონ აღნიშნული კანონის განხილვა პარლამენტში და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მზაობას ვაცხადებთ ასევე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკების პროცესში რეალური რეფორმის შემუშავების მიზნით.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ვენეციის კომიის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. დარწმნებული ვართ, ჩვენ გავაგრძელებთ ნაყოფიერ ურთიერთობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინტერესებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ტექტს 15 პოლიტიკური გაერთიანება და საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს ხელს. ესენი არიან: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს