ბელგრადში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ბელგრადში, საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქართული ღვინო ბელგრადში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ წარადგინა.

უწყების ცნობით, მან სტუმრებს პრეზენტაციის სახით ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა გააცნო, რის შემდეგაც ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია ჩაატარა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას იმპორტიორები, სხვადასხვა რესტორნების, სასტუმროების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის იმპორტით სერბეთში. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის სხვადასხვა დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები. კერძოდ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „მაყაშვილის ღვინის მარანი“, „კონჭო და კომპანია“ და „მარანი კაპისტონი“. როგორც გიორგი თევზაძემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციის მსვლელობის დროს დაისვა ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან და დღევანდელობასთან დაკავშირებული შეკითხვები.

ცნობისთვის, ბიზნესფორუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა