დავით ჯანდიერი - ქართული საზოგადოება მურუსიძის სამართლით ვერ იცხოვრებს

ლევან მურუსიძე „ცუდ კანონებს“ აბრალებს გირგვლიანის საქმეზე მის მიერ მიღებულ განაჩენს. მურუსიძის სამართლით ქართული საზოგადოება ვერ იცხოვრებს, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავით ჯანდიერი უვადოდ განმწესებულ მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას. მურისიძემ გირგვლიანის საქმეზე მის მიერ გამოტანილ განაჩენს კანონიერი უწოდა და განაცხადა, რომ ის სტრასბურგის სასამართლოს არ გაუმტყუნებია.

ჯანდიერი ლევან მურუსიძის განცხადებასთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო ლევან მურუსიძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე.

ბოლო დღეებში ლევან მურუსიძის გააქტიურება და მისი კომენტარები სანდრო გირგვლიანის საქმეზე მის მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, წარმოადგენს უსუსურ მცდელობას მოახდინოს საზოგადოებაში საკუთარი თავის და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის რეაბილიტაცია, რომლის ერთ-ერთი წევრიც თვითონ არის, ასევე, მათ მიმართ საზოგადოების ლოიალობის გაზრდა. ეს საკითხი როგორც სჩანს, ხელისუფლებისთვის აქტუალობას იძენს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წინა პერიოდში, რომლებიც ამ გავლენიანი ჯგუფის მიერ უნდა იყვნენ წარდგენილნი პარლამენტისთვის.

ქართული საზოგადოება დგას ერთ მხარეს და ხელისუფლების მიერ მოწონებული, გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების და მათ შორის მთავარის - სიცოცხლის უფლების უხეში დამრღვევი ლევან მურუსიძე და მისი მხარდამჭერი ჯგუფი - მეორე მხარეს. ამიტომაა, რომ საზოგადოების არც ერთი ნდობით აღჭურვილი იურისტი არ მიესალმება ამ ჯგუფის ყოფნას სასამართლო სისტემაში. სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლე დღეს უვადოდ არის მოსამართლის თანამდებობაზე.

ლევან მურუსიძის განცხადებასთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მისი განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ის არ გაუმტყუნებია. პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო არ არის, რომ განაჩენი, რომელსაც სხვა მოსამართლეებთან ერთად ლევან მურუსიძე აწერს ხელს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის მთავარს - სიცოცხლის უფლებას. ძალიან დიდი პატივი იქნებოდა ბატონი მურუსიძისთვის, პერსონალურად მისთვის მიეძღვნა გადაწყვეტილების რომელიმე პასაჟი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ლევან მურუსიძე „ცუდ“ კანონებს აბრალებს გირგვლიანის საქმეზე მის მიერ მიღებულ განაჩენს. ამდენად, მთავარი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა უნდა გაეკეთებინა ლევან მურუსიძეს როგორც მოსამართლეს:

1) იგი უფლებამოსილი იყო და უნდა გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დაებრუნებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოში (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561.1“ბ“; 562.1; 563.1 მუხლები). მას ეს უფლებამოსილება ჰქონდა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

2) მას ასევე უნდა მიეცა დაზარალებული მხარისთვის მინიმალური საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. რა უშლიდა ხელს, რომ სანდრო გირგვლიანის დედას, ქ-ნ ირინა ენუქიძეს, თუნდაც, საკასაციო სასამართლოში წვდომა ჰქონოდა საქმეზე დართულ მტკიცებულებებზე, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 69 „კ“ და 485.2; 15.3 და 5; 439.4; 447.1; 7.4+11.1 მუხლებით და რაც კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია სტრასბურგის სასამართლომ?! რატომ არ მისცა მან უფლება შვილმოკლულ დედას გასცნობოდა საქმის მასალებს მიუხედავად არაერთი თხოვნისა?!

3) თუ ლევან მურუსიძეს მიაჩნდა, რომ მას რაიმე სახის დაბრკოლებას უქმნიდა იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (რაც ასე არ არის ზემოაღნიშნული მუხლების გათვალისწინებით), საკასაციო სასამართლოს შეეძლო და უნდა ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე, უშუალოდ მოქმედი სამართლით. ასევე შეეძლო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე.

ამ ქვეყნის მოსახლეობას უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე გამოცდილება აქვს, რაც ხორციელდებოდა იმ მოსამართლეების ხელით, რომლებიც დღესაც მოსამართლეები არიან და მართავენ სასამართლო სისტემას. ხელისუფლებამ, რომელმაც არაერთხელ გადალახა უსამართლობასთან დაკავშირებული წითელი ხაზები უნდა გააცნობიეროს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაიწყოს სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა, იმისთვის რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყნის მოსახლეობას გაუჩნდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ. მურუსიძის სამართლით ქართული საზოგადოება ვერ იცხოვრებს“, - აცხადებს ჯანდიერი.