ფორუმი - ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში მიმდინარეობს

ქუთაისში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გახსნეს.

ორდღიანი ფორუმი პროექტ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში მიმდინარეობს და მას „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ახორციელებს. მისი მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნეს კომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრეინინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

„ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართლებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად დასავლეთ საქართველოში ახორციელებს პროექტს. ეს პროექტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ასევე, განავითარონ სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ქალები წარმატების მისაღწევად, სხვადასხვა გამოწვევებს აწყდებიან. სახელმწიფო სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე იმდენი ქალი არ არის დასაქმებული, რამდენსაც ვისურვებდით. მაგალითად, რეგიონებში ცხრავე გუბერნიაში, გუბერნატორის პოზიციას კაცი იკავებს, მსგავსი სურათია გამგებლების შემთხვევაშიც და რაც შეეხება მერს, თორმეტი მერიდან, მხოლოდ ერთი ქალი მერი გვყავს ნინოწმინდაში. ისევ და ისევ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და განათლება. ის გამოწვევები, რაც რეგიონში ქალებს აქვთ, ვეცდებით, რომ ურთიერთთანამშრომლობით გადავჭრათ,“ - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობას უფრო ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს შენებისათვის.

„როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესში ქალ მეწარმეთა უმნიშვნელოვანესი როლი. ქალის როლის გაძლიერება საზოგადოებაში ნიშნავს უფრო განვითარებულ ეკონომიკას, რადგან როდესაც საზოგადოება 50%-ით ძლიერია წარმატებული მამაკაცი მეწარმის შრომით, მეწარმე ქალის საქმიანობით, მისი ნიჭისა და რესურსების სრულად გამოყენებით - უკვე 100% -ით ძლიერია. თავისთავად ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული ეტაპი უკვე გაიარეს, ერთიანი შიდა პროდუქტის (GDP) 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ეკონომიკურ პროცესებში ქალთა როლის მნიშვნელობის მკაფიო დადასტურებაა. შედეგი და სარგებელი მთელი საზოგადოებისათვის საგრძნობი იქნება, როდესაც ქალები დაიწყებენ რეინვესტირებას საზოგადოებაში და წვლილს შეიტანენ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში. თუმცა, მათ ამ პროცესებში მხარდაჭერა, სათანადო გარემოს შექმნა და მეტი სტიმული სჭირდებათ, რათა მოხდეს საზოგადოებაში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ბარიერების დაძლევა. დღევანდელი ფორუმიც და, ზოგადად, ჩვენი ფედერაციის საქმიანობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება,“- განაცხადა ნინა კობახიძემ.

ასოციაციის ინფორმაციით, სლოგანი - „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ ამ კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალების გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი წელს, საქართველოში, სხვა დიდ ქალაქებში- ბათუმსა და ზუგდიდში ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა