ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან

ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, ფონდმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. 2019 წელს NASA-ში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ შემქმნელი გუნდის „ობერტონი“ ხუთი მოსწავლე: სოფიო ჩიხლაძე (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია (სკოლა აია-ჯესს) და იონა იობიძე (ქუთაისის სკოლა პროგრესი) გაემგზავრებიან. პროექტის მიზანია, ავტომატიზებული გახადოს დაკვირვების და კვლევის პროცესი. „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

„კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით გამოვავლინეთ მოსწავლეებისგან შემდგარი სამი ინოვატორი გუნდი, რომელიც სხვადასხვა პრიზით დავაჯილდოვეთ. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

წელს, კონკურსში სიახლეა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სექტორთან პარტნიორობის შედეგად, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებისთვისაც დაწესდა განსაკუთრებული პრიზი, რაც გულისხმობს გამარჯვებული გუნდების წევრების საინჟინრო და ტექნოლოგიურ საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობას.

„შესაბამისად, კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდის „Motion”-ის ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის სკოლის ოთხი წევრი, რომელთაც გაიმარჯვეს პროექტით „მოძრაობის სკანერი“ ID Tech-ის სტენფორდის ბანაკში რობოტექნიკის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მოსწავლეების პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ზუსტად აღწერონ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში. თანაბარი გადაადგილების აღწერის მიზნით, მოსწავლეები იყენებენ რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს.

ასევე, მესამე ადგილზე გასული გუნდის „ესკულაპე“ ხუთი წევრი, რომლებიც სწავლობენ აია-ჯესსა და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, გაემგზავრებიან ბელგიაში და მონაწილეობას მიიღებენ Euro Space Center-ის საზაფხულო სკოლაში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაცია და მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს ქმნიან, სადაც ექიმი პაციენტებს აძლევს როგორც რეკომენდაციებს, სამედიცინო რჩევებს, ასევე, სინჯავს პაციენტს დისტანციურად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით, 2014 წლიდან ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია „თიბისი“, ხოლო ტექნოლოგიური მხარდამჭერი - სილქნეტი.

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც გამოხატავს ქართველი მოსწავლეების, ახალგაზრდა ინოვატორების წარმატებას ინჟინერიაში, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ეს უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ახალგაზრდებმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას 21-ე საუკუნეში,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. გამარჯვებულთა გამოვლენამდე ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი შეარჩია. კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რამაც მათ ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობა მისცა.

„ახალგაზრდებმა შექმნეს პროექტები. ჯამში, 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა წელს ამ კონკურსში და 13 გუნდი გადავიდა მეორე ეტაპზე. ყველა პროექტს აქვს პოტენციური შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი განვითარება და შემდგომ, კომერციალიზაცია,“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, ცოდნის გაღრმავებისა და სამომავლო პარტნიორობის დამყარების მიზნით.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ