სალომე ზურაბიშვილი - დღეს  რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ 1991 წლის რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი

ზვიად გამსახურდიას ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას,-ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საიუბილეო თარიღს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განვლილმა გზამ აჩვენა ქვეყანას, თუ რამდენად მნიშნველოვანია საზოგადოებრივი თანხმობა ქვეყნის მომავლისა და წინსვლისთვის.

„დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას. ამ დღეს - 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას. მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს, - საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა. ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივისცემასა და მადლიერებას. დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი. ამ რეფერენდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ იგი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, - იგი ჩატარდა სამაჩაბლოში, ჩატარდა აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა. ამავე დროს, რეფერენდუმიდან დღემდე განვლილმა გზამ გვაჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობა ჩვენი მომავლისა და წინსვლისთვის. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასა და პლურალიზმთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება შერიგებასა და ერის ერთსულოვნებას. მჯერა, რომ შერიგება, ერთმანეთის პატივისცემა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც დავიცავთ 1991 წლის რეფერენდუმის მონაპოვარს“,-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო