რომან გოცირიძე - საპატიო კონსულების ავტომობილებზე დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა ძველი დროის დაბრუნების სიგნალი იქნება

საპატიო კონსულების ავტომობილებზე დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა ძველი დროის დაბრუნების სიგნალი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, “საზოგადოება მალე იხილავს, ვისი ფოტოები ამოტივტივდება პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის უკან.

“როგორც წესი, ქართველი ბიზნესმენები ყიდულობენ საპატიო კონსულობას აფრიკისა და შორეული კუნძულების სახელმწიფოებში. მერე აქ ცხვირაწეული ივლიან დიპლომატიური ნომრებით და არავინ იცის, გარდა ამბიციის დაკმაყოფილებისა, კიდევ რაში გამოიყენებენ. როგორ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს ასეთი იდეა, რომ კანონპროექტი შემოიტანო - ერთხელ ძლივს გავაუქმეთ და ისევ უკან ვაბრუნებთ შევარდნაძის დროინდელ კორუფციულ და კრიმინალურ პრაქტიკას. მოსკოვში კანონიერი ქურდები დადიოდნენ ქართული დიპლომატიური ნომრებით. ბიზნესმენები თავისთავად. ამის მიღება ძველი დროის დაბრუნების სიგნალი იქნება. საინტერესოა, როგორ გაამართლებს ამას საგარეო საქმეთა მინისტრი. ლუსტრაცია იქნება. არ არის გამორიცხული, უკვე შეუთანხმეს კიდევაც. შევარდნაძის დროს კანონები იყიდებოდა. ამბობდნენ, ყოველი კანონპროექტის მიღმა ნაცნობი ადამიანების პორტრეტები იმზირებიანო. მალე დავინახავთ, ვისი ფოტოები ამოტივტივდება ამ ინიციატივის უკან“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვით, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულის ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა იქნება შესაძლებელი.

კანონის მოქმედი რედაქციით, არ არის გათვალისწინებული საქართველოში საპატიო კონსულისათვის, საერთაშორისო სამართლით მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტი. საპატიო კონსულები დღეს ჩვეულებრივი სანომრე ნიშნებით სარგებლობენ.

ბექა ოდიშარიას მიერ მომზადებული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულზე გასაცემი დიპლომატიური სანომრე ნიშნების საფასური დგინდება - კერძოდ, 80 ლარი ავტომობილის და მისაბმელის შემთხვევაში, ხოლო 40 ლარი - მოტოციკლის შემთხვევაში.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ’’ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 1-ელი აპრილის სხდომაზე წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა