კახა კალაძე  ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება.

„როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ კვირას, აღნიშნულ ზოლში მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხიდის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაზე გადავალთ. სამუშაოები მაისში დასრულდება და მოძრაობაც სრულად სწორედ ამ დროისთვის აღდგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

უწყების ინფორმაციით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო. სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, ხიდზე სამუშაოების განხორციელების დროს გამოვლენილ არაერთ დაზიანებაზე, რომელიც დასაწყისში ვიზუალურად არ ჩანდა, შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინეს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს