დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტზე, გენერალ აბდულ-რაშიდ დუსთუმზე თავდასხმა განახორციელა. „ფრანსპრესის“ ინფორმაციით, ტერორისტები ვიცე-პრეზიდენტის კორტეჟს სამ ლოკაციაზე ჩაუსაფრდნენ, სადაც მის ავტომანქანებს უნდა გაევლო მაზარი-შარიფიდან შიბარგანის მიმართულებით.
კორტეჟის მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად, დუსთუმის დაცვის ორი წევრი გარდაიცვალა, მის კორტეჟში მყოფი ადამიანების უმეტესობა დაიჭრა. თავად 65 წლის ვიცე-პრეზიდენტრი არ დაშავებულა.
„თალიბანი“ თავის ინფორმაციაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა, დაცვის ოთხი წევრის გარდაცვალებაზე იუწყება. ავღანელი სამხედროების მტკიცებით კი, თავდამსხმელთა მხრიდან დაღუპული და დაჭრილია 11 ადამიანი. ვიცე-პრეზიდენტის დაცვამ ერთი თავდასხმელის ტყვედ აყვანა მოახერხა.
ეს აბდულ-რაშიდ დუსთუნზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლოს მასზე თავდასხმა 2018 წლის ივლისშიც მოხდა.