ადვოკატი - იმდენად ცალსახაა გია თვალავაძის უდანაშაულობა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს

იმდენად ცალსახაა გია თვალავაძის უდანაშაულობა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზეა დანიშნული, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. შესაძლოა, სასამართლოში მოწმეები დაიკითხონ.

როგორც კაკაბაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

„ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა. პირიქით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ასევე, დაცვის მხარემ მოვიპოვეთ და წარმოვადგინეთ მთელი რიგი წერილობითი მტკიცებულებები, ასევე გამოვკითხეთ უმნიშვნელოვანესი მოწმეები. წერილობითი მტკიცებულებების შინაარსი ცალსახად და კატეგორიულად გამორიცხავს გია თვალავაძის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ჩვენი გამოკითხული მოწმეები კი, დაიკითხებიან სასამართლოში და მიაწვდიან სასამართლოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთად უტყუარად აჩვენებს იმას, რომ გია თვალავაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. იმდენად ცალსახაა გია თვალავაძის უდანაშაულობა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარე ამ საქმეში ელოდება სრულ გამამართლებელ განაჩენს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი იყო და მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობას ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჯგუფურად, სულ 21 პირი დააკავეს, ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდსამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო