კონსტანტინე გამსახურდია - ზვიად გამსახურდიას საქმის თემა პირდაპირ ჩაიწერა სააარჩევნო დღის წესრიგში

ზვიად გამსახურდიას საქმის თემა პირდაპირ ჩაიწერა სააარჩევნო დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში NewsRoom განაცხადა.

გამსახურდია ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობასა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ განცხადებებს ნაწილობრივ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებს.

„ეს კარგი, ხელსაყრელი მომენტი იყო. ერთი მხრივ, როცა რაღაც თემის გაჟღერება გინდა, ამის გაკეთება ასეთ ადგილას ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი საარჩევნო კამპანია უკვე დასაწყებია. 2020 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი თვალსაზრისით და რასაკვირველია, ეს თემაც პირდაპირ ჩაიწერა სააარჩევნო დღის წესრიგში. ზოგადად, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ეს არის გარკვეული ისეთი პლატფორმა, რომელთანაც ყველას მიესვლება და რაღაცნაირად, თითქოს პარტიებად, პოლიტიკურ სექტებად, ნაკლებად მნიშვნელოვან მეხუთეხარისხოვან საკითხებზე მოკინკლავე კრებულებად დაქუცმაცებული საქართველო ერთ პლატფორმაზე ერთიანდება. ეს პოზიტიური მხარეა, თუმცა, ამას რომ საარჩევნოდ გამოიყენებენ, ამას რა თქმა უნდა. ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს - კი ბატონო, ძალიან კარგია ყველაფერი, რაც მან განაცხადა, ვერ შეედავები ვერც ერთ სიტყვაში, მაგრამ ჩემთვის მთავარია შედეგები. მინდა, რომ ფიცი მწამდეს და ბოლო კი არ მაკვირვებდეს, არამედ - ბოლოც მწამდეს. გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით ჩემი შიმშილობის დროს ალბათ საარჩევნო კამპანია არ იყო და ამიტომ არ მომხდარა რეაგირება. ძნელად წარმომიდგენია დღევანდელ საქართველოში პოლიტიკოსი, რომელიც პოპულისტურ ნაბიჯს არ გადადგამს. მით უმეტეს, ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს მმართველი გუნდია და მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია უკეთეს მდგომარეობაშია. ზოგადად, კრიზისია პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა გამსახურდიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კი არა, საგამოძიებო პროცესის იმიტაცია მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმის გამოძიების დასრულების რესურსი არსებობს.

„საქმის გამოძიება უკვე 26-ე წელია, ასეა, ხან თაროზე შემოიდება, ხან ჩამოიღებენ. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესის იმიტაცია. რა ჰქონდა ამ საქმეს გამოუძიებელი? წარმოიდგინეთ, დღესაც არსებობს იმის რესურსი, რომ ეს გამოიძიონ. თქვან, როგორც იყო - რა ლეგენდაც და როგორც არის გავრცელებული, ეს სრულიად წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, რომ უნდა დაისვას საბოლოოდ წერტილი, და მართლაც ამოისუნთქებს საზოგადოება. საერთოდ, ჩვენი ქვეყანა განვითარებადია და ნება მოდის მმართველი გუნდიდან, ის სასამართლო შტოსა და საგამოძიებო ორგანოებში კი არ არის, არამედ ყველა ზემოთ იყურება, აბა, ისინი რას იტყვიანო. თუმცა ამ განცხადების შემდეგ, როცა ამხელა პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა იტყვის და მას კიდევ კვერს დაუკრავს პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ პროგრესი იქნება. მინდა, ამის მჯეროდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა