აზერბაიჯანი-საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, აფლატუნ ამაშევს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.
უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების წინსვლის პროცესს.
„ზურაბ პატარაძემ აფლატუნ ამაშევს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.