დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველ თემატურ სხდომაზე თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელეს

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და ისაუბრეს სტრატეგიით განსაზღვრული ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

მომხსენებელთა განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდა; თვითმმართველობების ფინანსური და მატერიალური გაძლიერება; ჩართულობა და გამჭვირვალობა.

დღევანდელ სხდომაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხს - ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდას საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში.

„დეცენტრალიზაციის რეფორმის მიხედვით ჩვენი ამოცანა არის უფლებამოსილებების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის, მაგრამ არა მხოლოდ გადაცემა, არამედ არსებული უფლებამოსილებების შეფასება - რამდენად კარგად მუშაობს ეს კომპეტენციები ადგილზე და, შესაბამისად, ამის გააზრებით მერე უკვე ის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს კომპეტენციები, მათ შორის ახალი კომპეტენციები, მუნიციპალიტეტების მხრიდან კარგად შესრულდეს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე აქტიური დისკუსია გაიმართა.

გამოითქვა მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ზაზა გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალ დებულებებში არსებული შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების საჭიროებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის. გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა სტრატეგიის ცალკეულ ნაწილში, ცალკეულ მუხლში იმის დაკონკრეტება, თუ რა იგულისხმება ავტორების მხრიდან ამა თუ იმ სტრატეგიულ ამოცანაში. ყურადღება დაეთმო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შემოტანის საკითხსაც, რომელსაც სხდომის მონაწილეთა აზრით, შეუძლია უფრო მეტი შესაძლებლობები მისცეს მუნიციპალიტეტებს.

ზაზა გაბუნიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის როლის შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი განიხილავს სტრატეგიას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მიიღოს ეს სტრატეგია და შემდგომშიც გაუწიოს ზედამხედველობა მის შესრულებას - დავნერგოთ ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომლითაც პარლამენტი შეაფასებს თუ როგორ ხორციელდება ამ სტრატეგიით დანერგილი ღონისძიებები“, - განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე ისაუბრეს ამავდროულად ისეთ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება გუბერნატორის ინსტიტუტს, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ზაზა გაბუნიას, სხვა დეპუტატების თქმით, მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტის უფრო გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს იგი. ყურადღება დაეთმო ასევე თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის და თვითმმართველობებისათვის რეალური დამოუკიდებლობის მინიჭებისათვის კანონმდებლობის დახვეწის და ჰარმონიზაციის აუცილებლობას, ამ მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობას. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამისათვის აუცილებელია ცვლილებების განხორციელება 200-მდე კანონსა და კანონქვემდებარე აქტში.

სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასასრულ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომის შედეგები შეაჯამა ზაზა გაბუნიამ.

„ეს არის სამუშაო პროცესი და მნიშვნელოვანია რომ ეს სამუშაო პროცესი აქტიურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო სუბიექტი, როგორც უმრავლესობიდან ისე ოპოზიციიდან, როგორც დარგობრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამას აქვს თავის ეფექტი, იმიტომ, რომ თითოეულ სუბიექტს აქვს თავისი შეთავაზებები, მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პარლამენტმა ამ სტრატეგიაზე საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბოს თავისი სრულფასოვანი რეკომენდაციები“, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი კიდევ რამდენიმე სამუშაო სხდომას გამართავს, რომლებიც შეეხება თვითმმართველობათა ქონებას და ფინანსებს, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და გაძლიერების ნაწილს მუნიციპალიტეტებში. ამის შემდეგ გამოიკვეთება, თუ რა სახეს მიიღებს საბოლოოდ პარლამენტის რეკომენდაციები.

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შემდეგ ორშაბათს გაიმართება.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს