ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილების მიერ „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა უკანონო ქმედებაა, მათი განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე თვითნებურად დაკავებულ ფართებს არ გაათავისუფლებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში დევნილი ოჯახების შეჭრის ფაქტს ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია „დირსის“ კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადაეცეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს ცალსახა პოზიციაა, რომ დევნილების მიერ, კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და აღნიშნული დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ. სამინისტრო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200 -მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ.

„უკანონოდ შეჭრა კი იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა, რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას და შექმნილი ვითარების გამო პროცესი ფერხდება.

მხოლოდ შენობის დატოვების შემდგომ განიხილება მათი განსახლების საკითხი, სხვა იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, კრიტერიუმების შესაბამისად. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სამუშაო რეჟიმში, დევნილ ოჯახებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებული ბინები, სამინისტროს სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადმოეცეს და დევნილების მიერ შენობის დაკავება ამ პროცესსაც შეაფერხებს.

თბილისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოქვეყნდება. 7 მაისიდან კი, მონიტორინგის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

სამინისტრო, თბილისში, როგორც „დირსისგან“ ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს.

2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი“, - ნათქვამი სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა