პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ხელისუფლებას მშენებლობებზე ზომების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მშენებლობებზე ზომების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ თბილისში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით 2019 წლის პირველ სამ თვეში, სამუშაო ადგილებზე 9 სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 8 სამშენებლო სექტორში.

ამასთან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევიდან გამოწვეულ მძიმე შედეგებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კომპანიების მხოლოდ ქვედა რგოლის წარმომადგენლებს.

„პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის პოზიციაა შემდეგია:

1. შრომის ინსპექციას დაუყოვნებლივ მიენიჭოს შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი ყოველგვარი სასამართლოს ნებართვის გარეშე. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საწარმოო უბედური შემთხვევები უკავშირდება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არამედ შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა საკითხებსაც, მაგალითად, ნორმირებულ დროზე მეტხანს მუშაობა და ღამის სამუშაოებზე მუშაობა, რაც ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის რისკებს. ამას გარდა ზედამხედველ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მათ საზედამხედველო ობიექტებზე უპირობოდ დაშვების უფლება ნებისმიერ დროს, როგორც დღის, ისე ღამის საათებში. ასევე უმოკლეს ვადებში უნდა გაიმიჯნოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველი უწყებების უფლებამოსილებები.

2. მოხდეს შრომის ინსპექციის ინსტიტუციური განმტკიცება და უზრუნველყოფილი იქნას გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკადრო და მატერიალური რესურსებით. უახლოეს მომავალში, შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკიდებელ სტრუქტურად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და შეიქმნას შესაბამისი რეგიონული ოფისები ქვეყნის მასშტაბით. მისი მანდატის ქვეშ მოექცეს სახელმწიფო უწყებებში გაბნეული მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ანგარიშვალდებული გახდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წინაშე.

3. საჯარიმო სანქციების გაზრდის გარდა საწარმოო შემთხვევების მაჩვენებლის შესამცირებლად აუცილებელია მომხდარ უბედურ შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ კომპანიების არა მხოლოდ ქვედა, არამედ ზედა რგოლის წარმომადგენლებსაც. ტრადიციულად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი და არ ძალუძთ ადმინისტრაციის ზედა რგოლის ნების გარეშე, სამუშაო ადგილებზე გაატარონ ის ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სამუშაო ადგილებზე არსებული უბედური შემთხვევის გამომწვევი საფრთხის ფაქტორების აღმოფხვრისა ან შემცირებისთვის.

4. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნას გაანალიზებული ამ სექტორში არსებული სხვა გამოწვევები და რისკების როგორც შეფასების, ასევე პრევენციის შესაძლებლობები;

„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საზოგადოების და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლების კუთხით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას მსგავსი ფაქტების გამოვლენის საქმეში,“-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ