თურქეთის მმართველი პარტია სტამბოლის მერის არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ექრემ იმამოგლუ იმარჯვებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის სტამბოლის განყოფილების ხელმძღვანელმა ბაირამ შენოჯაქმა განაცხადა.

მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოგლუმ სტამბოლის მერის არჩევნებზე თავისი გამარჯვება გამოაცხადა და ცესკო-ს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნონ არჩევნების შედეგები. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერის არჩევნებზე მას მმართველი პარტიის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი უპირისპირდება.

„პირველად დავინახეთ ასეთი სხვაობა ჩვენსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის. ჩვენ გვაქვს ოქმები სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან, სადაც დაფიქსირებულია ხმები, რომელიც ბინალი ილდირიმმა მიიღო, თუმცა ცხრილში იმამოგლუსთვისაა მიწერილი. ამგვარი შეუსაბამობის ბევრი მტკიცებულება გვაქვს“, - განაცხადა მმართველი პარტიის სტამბოლის განყოფილების ხელმძღვანელმა ბაირამ შენოჯაქმა.

მისივე თქმით, სადაო ბიულეტენები არჩევნების შედეგებს შეცვლიან.

„ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ჩვენი მონაცემებით, სტამბოლში ილდირიმმა გაიმარჯვა“, - დასძინა მან.

საერთო ჯამში, გუშინ თურქეთში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. მათ ამომრჩეველთა ხმების 44.32% მიიღეს. მთავარ ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ ამომრჩეველთა ხმების 30.10% აქვს.

აღსანიშნავია, რომ პირველად 25 წლის განმავლობაში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა ქვეყნის დედაქალაქში ანკარაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა