დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროექტის „კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონების შექმნა“ პრეზენტაცია გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროექტის „კავკასიურ ენათა (ქართული ენის, ქართველური ენების, იბერიულ-კავკასიური ენების) სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონების შექმნა“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, კომიტეტი მუშაობას გააგრძელებს ყველა დაგეგმილ ინიციატივასთან დაკავშირებით.

„კომიტეტი მუშაობდა და აქვს ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა, გზადაგზა შევეცდებით შევავსოთ ის საინტერესო პრაქტიკული ინიციატივებით, თუმცა, სამეცნიერო, კვლევითი და ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, როგორიც წარმოდგენილი საკითხია, ვფიქრობ, არის უმნიშვნელოვანესი და ეს სცდება ერთი კონკრეტული გამოცემის არსებობას, სცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებსაც და მოიცავს ჩანაფიქრს, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იბერიულ-კავკასიური ენების სრულყოფილი ეტიმოლოგიური ლექსიკონის გამოცემამდე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სტუმრებს: მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, გიორგი კვესიტაძეს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, ზვიად გაბისონიას, ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჯაბა სამუშიას, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნუნუ ოვსიანიკოვას, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, ნანა მაჭავარიანს.

კომიტეტის წევრებს და სხდომაზე დამსწრე აუდიტორიას, პროექტი, „კავკასიურ ენათა (ქართული ენის, ქართველური ენების, იბერიულ-კავკასიური ენების) სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონების შექმნა“, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ წარუდგინა.

მომხსენებელმა კომიტეტს საკითხის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა. ცირა ბარამიძე ასევე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარების შესახებ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ცირა ბარამიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის ინიციატორია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანამონაწილენი არიან კავკასიოლოგიის ინსტიტუტი, ქართული ენის ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ ეტიმოლოგიების კვლევების ცენტრი, სოხუმის უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

„პროექტი, სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტრა და ინტერინსტიტუციურია. ლექსიკონის შექმნა დაკავშირებულია ქართველთა და სხვა ავტოქტონი ეთნოსების გენეზისთან და ასევე დაკავშირებულია ამ სამეცნიერო პრობლემის ემპირიული მასალის მიხედვით გადაჭრასთან“,- განაცხადა ბარამიძემ. მისივე განმარტებით, პროექტს აქვს როგორც სამეცნიერო, ასე პრაქტიკული მნიშვნელობა.

მომხსენებელმა კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონების შედგენისა და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღემდე მსგავსი ლექსიკონის შედგენის მცდელობაც კი არ ყოფილა და მით უფრო მნიშვნელოვანია დღეს, სამენოვანი ლექსიკონის აკადემიური გამოცემის არსებობა.

პროექტი შედგება სამი საფეხურისაგან: ქართული, ქართველური და იბერიულ-კავკასიური. პროექტის ხანგრძლივობა 6 წელია და სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი მასშტაბური მოცულობის სამუშაოს შესრულებას მოითხოვს. ლექსიკონი შეიქმნება ელექტრონული სახით და პროექტის დასრულების შემდგომ გამოიცემა ბეჭდური სახითაც, რათა მისი ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტი ინოვაციურია, რადგან პრინციპულად განსხვავდება მსოფლიოში დღემდე არსებული ეტიმოლოგიური ლექსიკონებისაგან, რადგან არც ერთ დღემდე არსებულ ლექსიკონს არ გააჩნია მონაცემთა ბაზა, წარმოდგენილი პროექტით კი ლექსიკონს ექნება საძიებო ბაზა სამენოვანი ინდექსის პარამეტრების შესაბამისად.

„ეს არის არა მარტო სიტყვის, არამედ, ქართველი ხალხის უძველესი ისტორიის დამადასტურებელი ემპირიული და თეორიული მასალა, რომელზე წვდომაც იქნება გახსნილი ნებისმიერი პირისათვის. გამოიკვეთება ქართველი ხალხის უძველესი კულტურული და სოციალური ყოფის ამსახველი მასალა სისტემურად, ამ ხალხის ეთნო-კულტურული და გენეტიკური ერთობა კავკასიის ენდოგენურ ეთნოკულტურებთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

„ეს იყო ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი მოხსენება და ვთლი, რომ ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რასაც კომიტეტი ეწეოდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, როდესაც დღეს, პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღის აღნიშვნიდან მეორე დღეს, იბერიულ-კავკასიურ საკითხებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, რომ დროა, ასეთი მნიშვნელოვანი დღეები დღესასწაულებად იქცეს, დღეები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებთან და დიდ იდეებთან“,-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების და დამსწრე აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ შეაჯამა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენს კომიტეტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რაც ეხება კავკასიოლოგიას, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას. იმედია, ყველა ერთად შევასრულებთ ამ დიდ საქმეს“, - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს