„დირსის“ გენერალური დირექტორი დევნილების შეჭრაზე - არ შეიძლება კერძო საკუთრების ასე ტყვედ აყვანა - შეჭრილები ბინების შიდა ხის კარებს ამტვრევენ და წვავენ

ჩვენ არ გვაქვს ამ ფორმის მოლაპარაკებების გამოცდილება და არ გვინდა დევნილების პირისპირ აღმოვჩნდეთ, რადგან შესაძლებელია ბევრი შეცდომა დავუშვათ, - ამის შესახებ „ას ჯორჯია-დირსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა პრესკონფერენციაზე, „დირსის“ ორ კორპუსში დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი აზარალებს მათ ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ინვესტიციების განხორციელებას.

„სამი დღის წინ, ათეულობით ადამიანი შეიჭრა ჩვენს კერძო საკუთრებაში. მათ ბინების კარებები დაამტვრიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს დაცვის სამსახურს, დაიკავეს სადარბაზოები და გამოიკეტნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც არის დაუშვებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება ისინი იძულების წესით გამოიყვანონ გარეთ. მე მინდა მათ მოვუწოდო: ეს არის კერძო საკუთრება, ჩვენი ქონება. მათი ქცევით ზიანი ადგება ჩვენს ინვესტიციას და ჩვენს სამომავლო გეგმებს“, - განაცხადა ჯიქურაულმა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ორი დღეა „დირსის“ კორპუსებში შეჭრილ მოსახლეობასთან დიალოგი უშედეგოდ სრულდება.

„არ შეიძლება არც ერთი მიზეზით და არც ერთი მიზნით კერძო საკუთრების ასე ტყვედ აყვანა. ზოგადად, ყველა სადარბაზოსთან დგას დაცვის სამსახური. თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით მზად ასი კაცის თავდასხმისთვის და ვერ მოვასწარით ჯეროვანი რეაგირება. ჩემი თვალით ვნახე, რომ ამტვრევდნენ კარებებს, თითქოს ამაში არავის ენერგია არ ყოფილა ჩადებული. არ შეიძლება საკუთარი ბინის მისაღებად სხვისი ბინის ან სხვისი საკუთრების ასე ხელყოფა. 60-მდე ადამიანია გამაგრებული ძირითადად პირველ სართულებზე და სადარბაზოებში. ეს კორპუსები არის მშენებარე, ზოგ სართულზე კაბელები ღიაა, ამიტომ ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება, არც წყალის, რადგან სართულების დატბორვის საშიშროებაა დაუმთავრებელი სამუშაოების გამო. შეჭრილები ბინების შიდა ხის კარებს ამტვრევენ და წვავენ“,- განაცხადა ჯიქურაულმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს