მარიამ ჯაში - კომიტეტს არ დაუჭერია და არც დაუჭერს მხარს „ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან“ ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებების ამოღებას

კომიტეტს არ დაუჭერია და არც დაუჭერს მხარს ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებების ამოღებას „ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას არც განათლების სამინისტრო ემხრობა.

მისივე ინფორმაციით, კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ კანონის დაახლოებას ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან. ჯაშის თქმით, მუხლობრივი განხილვის დროს მოხდება თითოეული მუხლისა და ქვეპუნქტის კონკრეტიზაცია.

„დღეს ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა კრიტიკა ზოგადი განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, აბსოლუტურად შორს არის რეალობისგან და მე ვფიქრობ, რომ კოლეგები, რომლებიც აღნიშნულ პოზიციებს ასე მკაცრად აკრიტიკებენ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი, ან მიზანმიმართულად ავრცელებენ არაზუსტ ინფორმაციას, ან არ იცნობენ კანონშემოქმედებით პრინციპებს. მე მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით, სტუდენტებს, ასევე ჩვენს პედაგოგიურ კორპუსს, კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან.

გუშინ კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი პრინციპული მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის დაახლოება ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან. პრინციპების დონეზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და არა კონკრეტულად რომელიმე ჩანაწერის ამოღებას ან ჩანაცვლებას,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა გუშინ გამართულ სხდომაზე დეპუტატების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის მიხედვით, კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შორის არის მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემის განვითარება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან