სერგო რატიანი - გამოცდები დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ხანძარია, რომელსაც აქრობს, დამწვარ შენობას ტოვებს და გარბის

„ევროპული საქართველო“ გამოცდების გაუქმებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ განათლების სამინისტრო მაქსიმუმ 5 თვეში კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და ამას კანონში გაწერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა სერგო რატიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, გამოცდები ორი წლით უნდა გაუქმდეს, ხოლო სამინისტრომ გამოცდების მოდიფიკაცია მოახდინოს.

„გამოცდის გაუქმებას დავთანხმდებით თუ იქნება სამოქმედო გეგმა, ან თუ გვეტყვით, რომ სამ თვეში, ოთხ თვეში, ხუთ თვეში იქნება სამოქმედო გეგმა და ამას კანონში ჩავწერთ. ასევე იმასაც, რომ გამოცდების გაუქმება მხოლოდ ორი წლით იქნება. მერე უნდა იყოს მოდიფიკაცია და ის კონკრეტული გეგმა რას აკეთებთ. ჩავწეროთ ეს და „ევროპული საქართველო“ ამ პროექტს მხარს დაუჭერს. ოღონდ ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაწერილი, რას აკეთებთ“, - განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, რატიანმა აღნიშნა, რომ გამოცდები დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ხანძარია, რომელსაც აქრობს, დამწვარ შენობას ტოვებს და გარბის.

„შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ დააზიანა სკოლა და მიიყვანა იმ დონემდე, რომ ახალგაზრდების 27 პროცენტი ვერ აბარებს საატესტატო გამოცდებს. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ერთი არის სკოლის ჩამოშლა, სასკოლო პროცესის და მეორეა - როგორ რეაგირებს ამაზე პოლიტიკური ძალა. ამაზე რეაგირება არის ისეთი, როგორიც იყო არჩევნების წინ - ვალების ჩამოწერა. ესეც არის გარკვეული ვალების ჩამოწერა - აღარ გექნებათ გამოცდები, ბედნიერები იქნებით ბავშვებო და აქამდე ვინც ვერ მიიღო ატესტატი მათაც ეუბნებიან, რომ ისინიც მიიღებენ ატესტატს.

იმ პირობებში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, სიმართლე გითხრათ, ვერც ვხედავ გამოსავალს და ვამბობ, რომ გამოცდები დღეს მართლაც ხანძარია თქვენთვის. პოლიტიკურად რომ ხანძარია და გასაგებია რას აკეთებთ, მაგრამ ახალგაზრდებისთვისაც სერიოზული პრობლემაა, მითუმეტეს, რომ იმ 27 პროცენტს ვერაფერ ალტერნატივას ვერ სთავაზობთ.

სკოლის არდამთავრებაც კი არ უნდა იყოს ტრაგედია ადამიანისთვის, როდესაც რაღაცას სთავაზობთ, მაგალითად, პროფესიულ სასწავლებელში წასვლას ან სხვა რამეს, თუმცა თქვენ არც ალტერნატივას სთავაზობთ. რას აკეთებთ? - ცეცხლს აქრობთ, დამწვარ შენობას მიატოვებთ და გარბიხართ, ეს არის თქვენი პოლიტიკა.

ორი გამოსავალი არსებობდა. არავინ არ იცავს კონკრეტულ CAT-ის გამოცდას შეიძლება ნამდვილად არის ბევრი ხარვეზი, მაგრამ არსებობს გამოსავალი“, - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა