ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - საქართველო და ესტონეთი არ არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში შესვლას შეეხვეწებიან, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ

ჩვენ არ ვართ ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში შესვლას შეეხვეწებიან. ამიტომ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ წარმოუდგენელი წინააღმდეგობების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლიუკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.

ნატო-ს წევრი ქვეყნის, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ინტერვიუში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის გზაზე ესტონეთზე, როგორც მოდელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო და ესტონეთი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არიან, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ემატება დამატებითი ასპექტი-2008 წლის მოვლენები.

ამასთან, იური ლიუკის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს მზად არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ დემოკრატიისა, ეკონომიკისა და სამხედრო კუთხითაც.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არ არის. მაგრამ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრის გასაკეთებლად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს. ჩვენ ასეც მოვიქეცით. გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა ყველა შეკითხვაზე, ყველა გამოწვევაზე და ყველა ბრალდებაზე და გვქონოდა წევრობისთვის მაქსიმალური მზადყოფნა. ვყოფილიყავით ისეთები, როგორიც ნატო-ს წევრები იყვნენ. ვიცოდით, რომ კარი ერთ მშვენიერ დღეს გაიღებოდა. ეს შესაძლოა, ძალიან საინტერესო ვითარებაში მომხდარიყო.

პრაღის სამიტამდე გარემოებები შეიცვალა და კარი ოდნავ შეიღო. ჩვენ მზად ვიყავით და ნატო-ს არც ერთი კარგი მიზეზი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ჩვენთვის უარი ეთქვა.

თუ არსებობს იმის მიზეზი, რომ ვინმემ უარი გითხრას, მაშინ ამას აუცილებლად გააკეთებს. საქართველო და ესტონეთი უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არიან. ჩვენ არ ვართ ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში შესვლას შეეხვეწებიან. ამიტომ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ წარმოუდგენელი წინააღმდეგობების წინააღმდეგ. საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის დამატებითი ასპექტი, რომელიც 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება“, -განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლიუკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო