ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი - ახალი მოწმის მეორე ინსტანციის სასამართლოში დაკითხვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, საქმეში არსებული ახალი მოწმის, ლ.ნ.-ს მეორე ინსტანციის სასამართლოში დაკითხვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ახალი გამოძიების ფარგლებში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ნადირაძის განცხადებით, ახალი მოწმე თავის ჩვენებაში მსჯავრდებული არასულწლოვნის გ.ბ.-ს ტაქსიში მოსმენილი საუბრის შესახებ საუბრობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მოწმის სახელმა და გვარმა მხოლოდ იმ კონტექსტში გაიჟღერა, რომ ასეთი პირი არსებობდა, მაგრამ რა გარემოებებში, რა საკითხებთან დაკავშირებით უნდა მიეცა ჩვენება, ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვეთილა. ტაქსის ეპიზოდში თუ რა განაცხადა, რაზე ისაუბრა, ეს სასამართლო განხილვების პროცესში არ გამოკვეთილა, ეს ახალი გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა. მოწმემ ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა, მისი სასამართლოში წარმოდგენა გახდა საჭირო. მისი ჩვენება თანხვედრაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან. ის საუბრობს ყველაფერ იმას, რაზეც ტაქსიში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ისაუბრა.

"მოწმემ მიუთითა, რომ ტაქსიში ყოფნის დროს, ერთ-ერთი მსჯავრდებული გ.ბ. საუბრობდა, რომ ის ფარდულში ყოფნისას მსუქანი ბიჭისგან ერთ-ერთი მსჯავრდებულის გამოხსნას ცდილობდა, ეს რომ ვერ მოახერხა, უკან გამოიწია და მოახდინა ხელით დემონსტრირება "წკაპ, წკაპ", როგორც მოწმემ ახსნა, ეს გაიგო, ისე რომ ეს იყო დანის დარტყმა დავით სარალიძისთვის. დადგენილია, რომ ფარდულში განხორციელდა დავით სარალიძის მკვლელობა. შესაბამისად, საუბარია ფარდულში გ.ბ.-ს ყოფნის პერიოდზე, მოწმე საუბრობს მსუქან ბიჭზე და საუბრობს გ.ჯ.ს გამოხსნის თემაზე", - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე განმარტებით, დაცვის მხარემ საქმეზე საკითარი მტკიცებულებები არ წარმოადგინა.

"ბრალდების მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ დაცვის მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენდა, ვინაიდან სასამართლო განხილვების პროცესში დაცვის მხარე ჯიუტად მიუთითებდა, რომ წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მისი პოზიციის დამადასტურებელი იქნებოდა. თუმცა, დაპირება დაპირებადვე დარჩა", - განაცხადა ნადირაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.