ბაგა-ბაღების სააგენტო - ხაჭო, არაჟანი და ყველი რაციონში ცილოვანი პროდუქტით ჩანაცვლდა, რომ კალორაჟი არ დარღვეულიყო

რძის პროდუქტების გარკვეული ნაწილის რაციონიდან ამოღება თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების მუდმივი კონტროლის შედეგია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს განმარტებით, კვების რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანია „ნილს“, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად პასუხისმგებელია ბაღების მომარაგებაზე.

„თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების კონტროლი მუდმივი პროცესია. ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების გარკვეული ნაწილის რაციონიდან ამოღება სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემოწმების შედეგებზე რეაგირებაა - გამომდინარე იქიდან, რომ 13 შემოწმებული ბაღიდან ერთში ყველის პროდუქტში აღმონდა რძის ფხვნილი, არაჟანში - კი მცენარეული ცხიმი, კიდევ ერთ საბავშვო ბაღში კი ხაჭოსა და არაჟანში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროდუქტები ამოიღო რაციონიდან და მოხდა დღიური მენიუს გადანაწილება იმგვარად, რომ კალორაჟი არ დარღვეულა, ეს პროდუქტები ჩანაცვლდა ცილოვანი პროდუქტით. ამასთანავე, სააგენტომ მიმართა კომპანია „ნილს“, რომ მოიძიოს სხვა მიმწოდებელი და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ პროდუქტი პასუხობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რაც შეეხება მიმწოდებლის პრეტენზიას და უნდლობლობას, რომელსაც იგი უცხადებს კონკრეტულ ლაბორატორიას, ეს წარმოადგენს ორ მხარეს შორის გასარკვევ საკითხს და სააგენტო მასში არ ერევა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება კომპანია „ნილს“, რომელიც პასუხისმგებელია ბაღების მომარაგებაზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად,“- აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

როგორც ცნობილია, არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოიღეს.