ნიკოლოზ რაჭველი -   არგუმენტი, რომ ორკესტრი ვერ დაეტევა,  არასერიოზულია  იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც  შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში განეთავსებინა  ტრენაჟორები და საუნა

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველისთვის მიუღებელია თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის არგუმენტი, რომ „ფილარმონიაში ორკესტრი ვერ დაეტევა“.

როგორც რაჭველმა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი კერესელიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, მის არგუმენტს სერიოზულად ვერ განიხილავს.

„ დარბაზი რომ აშენდა, მაშინ თუ ეტეოდა სიმფონიური ორკესტრი და თუ ორკესტრი ყოველთვის ეტევა იქ, როცა ვუკრავთ, რატომ შეიძლება ახლა ვერ დავეტიოთ? „ტექნიკურად ორკესტრი ვერ განთავსდება ფილარმონიაში“ - ამ არგუმენტს სერიოზულად ვერ მივიჩნევ იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში განეთავსებინა სპორტდარბაზი, ტრენაჟორები, საუნა, სამშენებლო კომპანიის შოურუმი და სხვა მსგავსი დაწესებულებები,“ – განაცხადა რაჭველმა.

მისივე თქმით, ფილარმონიის გარშემო მიმდინარე მოვლენები, მათ შორის კერძო კომპანიის ვალები და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმები, მისთვის სულერთი არასდროს ყოფილა.

„ყველა შეხვედრაზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ერთ-ერთ მთავარ საკითხად ვაყენებდით, თუ რა ელოდა კომპანიას, რომელსაც სახელმწიფომ ხელშეკრულება 4 იანვარს შეუწყვიტა. ვთხოვდი მათ, მხოლოდ ამის შემდეგ გვესაუბრა ჩვენს პერსპექტივებზე. ყველანი მპირდებოდნენ, რომ კომპანიას არ ჩააგდებდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ გაესტუმრებინა ვალები ან შექმნოდათ სამართლებრივი პრობლემები“ – აღნიშნა სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის სამინისტროში პროფესიონალები მუშაობენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოებრივ ხედვას გაითვალისწინებენ.

რაც შეეხება ორკესტრისთვის ახალი დარბაზის აშენების საკითხს, ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, ახალი შენობის აშენებას არა 10 მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფო ორკესტრს პირდებოდა, არამედ 40 მილიონი ევროს ინვესტირება სჭირდება, რაც საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორულმა კომპანიებმა დაადგინეს.

„ახლა ჩვენ მუსკომედიის ტერიტორიაზე ვმართავთ რეპეტიციებს. აქ არსებული დარბაზი, სამხარაულის დასკვნიდან გამომდინარე, დასანგრევია. სახელმწიფო ახალი შენობის აშენებას გვთავაზობდა. ცხადია, ეს საბიუჯეტო სახსრებს უნდა დაეფინანსებინა. როდესაც შემოგვთავაზეს თანხა, რომელიც 9 მილიონი ლარი იყო და შემდგომ სიტყვიერად გახდა 10 მილიონი, ამ დროს გავაცნობიერეთ, რომ ეს გამოიწვევდა არამიზნობრივ ხარჯვას. იმიტომ, რომ აღნიშნული თანხით აშენებული საკონცერტო დარბაზი ვერანაირ მოთხოვნებს ვერ უპასუხებდა. ამავე დროს არცერთი არქიტექტორი არ დათანხმდა ასეთი თანხით საკონცერტო დარბაზის პროექტის განხორცილებას. ასევე, გავაცნობიერეთ, რომ 40 მილიონ ევროს ვერ მოვთხოვდით სახელმწიფოს, ვინაიდან ქვეყანაში ახლა ის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის, რომ კიდევ ერთი დარბაზის მშენებლობა ასეთი თანხით დაფინანსდეს, ამიტომ სახელმწიფოს ვუთხარით, რომ არ დასჭირდებოდათ არც ერთი თეთრის დახარჯვა, ვინაიდან ჩვენ უკან ჩავაბარებთ ტერიტორიას აღმაშენებელზე, 10 000 კვადრატულ მეტრს. ჩაბარებული ტერიტორიის პრივატიზაციის შემდეგ სახელმწიფოს შემოუვა დამატებით 18-20 მლნ ლარი და ჩვენ აღნიშნულ თანხას ფილარმონიის განახლებასა და რეკონსტრუქციას მოვახმარდით, ყოველგვარი დამატებით საბიუჯეტო სახსრების გამოძებნის გარეშე“- განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

შეგახსენებთ, რომ ფილარმონიის ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა დარბაზის გადაცემასთან დაკავშირებით ხშირად სპეკულაციურია. ამასთან, როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დარბაზს ორკესტრთან თანაცხოვრებისთვის შესაბამისი ფართი არ აქვს.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე