ადვოკატის განცხადებით, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამართლებულ პატრულ-ინსპექტორს პოლიციაში დაბრუნების სურვილი არ აქვს

პარლამენტში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამართლებული პატრულ-ინსპექტორი, ნუკრი ხაბელაშვილი თანამდებობაზე აღდგენას ამ ეტაპზე არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაბელაშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუკი, ხაბელაშვილი ათმეთაურის პოზიციაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ამას მას შემდეგ შეძლებს, რაც საქმე ყველა ინსტანციაში ამოიწურება.

„გამართლებული ნუკრი ხაბელაშვილის სამსახურში აღდგენის საკითხი ჯერ არ განიხილება. მას ეს სურვილი ამ ეტაპზე არ აქვს. სავარაუდოდ, გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამამართლებელი განაჩენი კანონიერ ძალაში დარჩება. მას შემდეგ, რაც საქმე ყველა ინსტანციაში ამოიწურება, თუკი, ხაბელაშვილს სურვილი ექნება, ის აღდგენის მოთხოვნით საპატრულო პოლიციას მიმართავს. ის საპატრულო პოლიციის შესანიშნავი კადრი იყო, მის ვალდებულებებს ძალიან კარგად ასრულებდა. ამიტომ, შესაძლებელია, მან ისევ მოისურვოს პატრულში დაბრუნება.

რაც შეხება, დანარჩენ იმ ორ პოლიციელს, დარწმუნებული ვარ, მოსამართლესაც ძალიან გაუჭირდა, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. დიდი მადლობა სასამართლოს, რომ ბრალდების მხარის გამშრალი სახე დამანახა“, - აცხადებს აბესაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნუკრი ხაბელაშვილი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ, საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელს, ზურაბ რუსიშვილს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვის ვადით, მესამეს - გია სადაღაშვილს 2 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებოდათ.

21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა