სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

როგორც პროკურორი განმარტავს, სხეულზე დაზიანებები ლუკა ქსოვრელსაც აღენიშნებოდა. თუ როდის არის ის მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უკვე დანიშნული აქვს.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

ჟორჟოლაძის თქმითვე, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

ამ წუთებში, თბილისის საქალქო სასამართლოში სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

"შემდეგი სხდომიდან დაიწყება მტკიცებულებების გამოკლევით, მოწმეების დაკითხვით. დაახლოებით, 70 მოწმეა დასაკითხი, საქმე 5 ტომია. შესავალ სიტყვაში ყურადღება გამახვილდება ძირითად მტკიცებულებებზე, საქმეს მიმოვიხილავთ, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. იმედი გვაქვს, საბოლოოდ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

ლელა ქსოვრელის ბრალეულობის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს, როგორც მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნებიც.

რა თქმა უნდა, მკაცრ სასჯელს მოვითხოვთ წარმოდგენილი საქმის მასალებისა და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

ლელა ქსოვრელის შერაცხადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა დანიშნულია, პასუხი ჯერ არ მიგვიღია",- აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო