კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზა სრულად მოწესრიგდება.

„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება - კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დავიწყეთ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ორივე მიმართულებით გზის საერთო სიგრძე, რომელიც შეიცვლება და მოწესრიგდება, დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, გამწვანდება და მოწესრიგდება გამყოფი ზოლები, განათების ბოძები კი სანათებიანად შეიცვლება. შეზღუდვის დროს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სათადარიგო ზოლებით ისარგებლონ, რომელთა რეაბილიტაცია გასულ წელს დავამთავრეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს