როგორც ვიცით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 5 აპრილს პარლამენტში მოდის, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციას უფლება აქვს მოითხოვოს, ასევე კომიტეტზეც მოსვლა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა. კაკულია გამოეხმაურა ოპიზიციის განცხადებას, რომ კობა გვენეტაძე პარლამენტში სესიის ფარგლებში მიდის, მიუხედავად იმისა, რომ მის მისვლას კომიტეტის სხდომაზე ითხოვდნენ.
„ზოგადად, ასეთი თხოვნა ოპოზიციას ჩემს მიმართაც ჰქონდა და ასევე აქვს კობა გვენეტაძის მიმართ. ჩვენც შევთავაზეთ, რომ რადგან სესიაზე მოდის, ხომ არ არის ეს საკმარისი?! თუ მათთვის ეს საკმარისი არ არის, მაშინ მე ვალდებული ვარ შევთავაზო მას მოვიდეს კომიტეტზე. ეს თავად მომწვევმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მისთვის სესიაზე განხილვა საკმარისი. თუ არ არის საკმარისი, მაშინ ვალდებული ვართ მოვიწვიოთ კომიტეტის სხდომაზე. ეს გახლავთ ჩემი პასუხი", - განაცხადა კაკულიამ.
კითხვაზე, უმრავლესობას ექნება თუ არა შეკითხვები "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით კობა გვენეტაძესთან, რომან კაკულია პასუხობს, რომ „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, თუ რა შეკითხვებია მთელმა საქართველომ იცის.
„გასაგებია, გვენეტაძის პოზიცია იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რაც მან მიიღო. ის რაღაც განსაკუთრებულ საფრთხეებზე საუბრობდა თუნდაც ჩემი კომიტეტის ფარგლებში და საშუალება მექნება საჯაროდ დავაზუსტო რა საფრთხეებზე იყო საუბარი, რამდენად სწორი იყო მისი პოზიცია მაშინ კომიტეტზე. ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის შეკითხვების სახით დარჩა კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს საკითხები მინიმუმამდე დავიდეს", - განაცხადა რომან კაკულიამ.