ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის გამოწვევებს შორის ტერორიზმს, კიბერსფეროში არსებულ საფრთხეებს და სულ უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ასახელებს. ამის შესახებ მან ამერიკის კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ წინაშე დგას უპრეცენდენტო გამოწვევები, რომელთა პირისპირ არც ერთ ერს არ შეუძლია მარტო დარჩეს. ტერორიზმთან ბრძოლა - ეს არის თაობების ბრძოლა. ჩვენ ყველა ვაკვირდებით კიბერსფეროში საფრთხეების ზრდის დასაწყისს. ამან, შეიძლება, გაცილებით ფუნდამენტალურად შეცვალოს ბრძოლების ბუნება, ვიდრე სამრეწველო რევოლუციამ. ჩვენ მომავალშიც გვექნება საქმე სულ უფრო აგრესიულ რუსეთთან. ჩვენ ვხედავთ რუსული ქცევის მოდელს, რომელიც მოიცავს სამხედრო ძალების გაძლიერებას არქტიკიდან ხმელთაშუაზღვამდე, შავი ზღვიდან ბალტიამდე. სამხედრო ძალების გამოყენება, ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში ასადის რეჟიმის მიერ მკვლელობების მხარდაჭერა, ნატოს მოკავშირეებზე მუდმივი კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციის ფართო კამპანია და დემოკრატიაში ჩარევის მცდელობა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატომ ამას უპასუხა ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი ძალისხმევით, თავისი პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერით.
„ჩვენ ამ ყველაფერს არ ვაკეთებს კონფლიქტის პროვოცირებისთის, არამედ მის აღსაკვეთად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. არა ბრძოლა, არამედ შეკავება, არა თავდასხმა, არამედ დაცვა“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ მიისწრაფვის რუსეთის იზოლირებისკენ და რისკების მინიმიზაციისთვის მოითხოვს მოსკოვთან დიალოგს.