ლევან იზორია დეპუტატებს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე. უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ განხორციელებაზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მზარდ დინამიკასა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე.

ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს ახალ მიდგომაზეც ისაუბრებს, რომელიც სტრატეგიულ მზადყოფნას გულისხმობს. სტრატეგიული მზადყოფნის მთავარი მიზანია ნატოს სტანდარტებთან თავსებადი, მდგრადი ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება იმისთვის, რომ საქართველო ნებისმიერ დროს იყოს მზად ალიანსში გასაწევრიანებლად.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს თავდაცვიუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მინისტრი ასევე ისაუბრებს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიზნით 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან შესყიდვებზე (ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“, საჰაერო თავდაცვის სისტემები). მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება ვერტმფრენების მოდერნიზება.

უწყების ცნობით, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება შეუძლებელია ფინანსური მხარდაჭერისა და რესურსების სწორად განაწილების გარეშე. თავდაცვის მინისტრი ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრებს - თავდაცვის უწყებამ უკვე დააკმაყოფილა ნატოს მოთხოვნა, რაც თავდაცვის ბიუჯეტის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ით განსაზღვრას, პერსონალზე ხარჯის რაციონალურ დაბალანსებასა და შეიარაღების შესყიდვაზე საერთო თავდაცვის ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის გამოყოფას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა