უზენაესმა სასამართლომ საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებაზე უარი უთხრა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმაზე მეტის გასაჯაროება ვერ ხერხდება, რაც ამ დრომდეა ცნობილი. როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, იურიდიული მხარე არ იძლევა მეტი დეტალის გასაჯაროების საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის თხოვნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მზია თოდუას მიმართა.

„მოგეხსენებათ, ე.წ. ციანიდის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე. ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება”, - აღნიშნული იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისთვის გაგზავნილ საპატრიარქოს წერილში.