ზურაბ გურიელიძე - ახალი ზოოპარკისთვის არა მარტო აშენებულია ვოლიერები, არამედ ჩამოყვანილია ცხოველებიც

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ახალ ზოოპარკში, საკმაოდ ბევრია გაკეთებული, თუმცა გასაკეთებელიც ცოტა არ არის, ამიტომ უჭირს იმის თქმა, თუ როდის გაიხსნება ზოოპარკი ოფიციალურად.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ზურაბ გურიელიძემ თბილისის ახალ ზოოპარკზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენდება და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება.

„ოფიციალურად როდის მივიღებთ პირველ სტუმრებს ცოტა რთული სათქმელია, რადგან საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი ახალ ზოოპარკში. თუმცა გაკეთებულიც საკმაოდ ბევრია - აშენებულია ვოლიერები, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ იყო დაფინასებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ოთხი სახეობისათვის - დათვი, მგელი, ნიამორი და ირემი ვოლიერების აშენებას. გარდა ამისა, დაემატა ვოლიერები ფოცხვერისთვის, დათვის ბელებისთვის, ჯიხვებისათვის“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მისივე თქმით, ახალ ზოოპარკში აშენებულია არა მარტო ვოლიერები, ასევე ჩამოყვანილია ცხოველებიც.

„იანვარში ჩამოყვანილია მამრი ჯიხვები პარიზის ზოოპარკიდან. ასევე, ცოტა ხნის წინ, მდედრი ჯიხვები უკვე ჩეხეთიდან, ოლომოუცის ზოოპარკიდან. ასევე ველოდებით დომბებს და აღმოსავლურ კავკასიურ ჯიხვებს ტალინის ზოოპარკიდან და კიდევ სხვადახვა ზოოპარკებიდან, რომლებზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა", - განაცხადა გურიელიძემ.

კითხვაზე, როდის დასრულდება ზოოპარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გურიელიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია გარკვეულ დაფინანსებაზე.

„ჩვენ ნელ-ნელა შეგვყავს ელექტროობა, ასევე ბუნებრივი აირი, რომელიც ჯერ კიდევ მიერთებული არ არის. ეს ყველაფერი უკვე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებია, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. კანალიზაციაც უნდა გავიყვანოთ“, - განაცხადა გურიელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, იმისთვის, რომ ახალ ზოოპარკში დამთვალიერებლებისთვის საჭირო პირობები მოეწყოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოები სისრულეში მოვიდეს, დაახლოებით 50 მილიონი დოლარია საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო