პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში ლევან იზორიას უსმენენ, ყოფილი მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე არ შეუშვეს

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სხდომათა დარბაზში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე არ შეუშვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მას პირადი კომუნიკაცია ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, რომელსაც სთხოვა მფრინავი ქალის სხდომათა დარბაზში შეშვება.

„ქალბატონი ეკატერინე ქვლივიძე მოვიდა საკანონმდებლო ორგანოში, რათა უშუალოდ მოესმინა თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოზიცია მის საკითხთან დაკავშირებით. მე პირადი კომუნიკაცია მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით მომხდარიყო მისი სხდომათა დარბაზში შეშვება, იმ ადგილას, რომელიც მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და ამავდროულად პირადი პასუხისმგებლობა ავიღე, რომ ქალბატონი ეკატერინე არ დასვამდა შეკითხვას და არც ადგილიდან ექნებოდა რეპლიკა. ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ მაინც გადაწყვიტა, რომ ქალბატონი ეკატერინე არ დაშვებულიყო დარბაზში, რის მიზეზადაც დასახელდა, რომ არსებობს რისკი დისციპლინის დარღვევის, რაც სრულიად წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, მათ ძალიან ეშინიათ და ისინი გაურბიან არა მხოლოდ კითხვებს, არამედ ამ ადამიანის გამოჩენასაც კი. ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძეს მოუწევს გასცეს პასუხი კონკრეტულად ეკატერინე ქვლივიძის არ შეშვების საკითხს, ხოლო თავდაცვის მინისტრს აუცილებლად დაუსვამს ზოგადად საკითხზე შეკითხვებს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა ეკატერინე ქვლივიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მას მხოლოდ მინისტრის მოსმენა სურდა.

მისი შეფასებით, შეურაცხმყოფელია მისი სხდომათა დარბაზში არშეშვების გადაწყვეტილება.

„მე არ ვაპირებდი კითხვის დასმას. უბრალოდ, მსურდა მომესმინა ჩემს საკითხთან დაკავშირებით ბატონი იზორიას პოზიცია. თუმცა მე სხდომათა დარბაზში არ შემიშვეს, რაც შეურაცხმყოფელია. ალბათ ეს არის დამოკიდებულება იმ 11-წლიანი შრომის, რომელიც მე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გავწიე“, - აღნიშნა ეკატერინე ქვლივიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა