პრემიერი - წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს - ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება

საქართველო დაძლევს სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რომლითაც ჩვენ მას ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

“ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობდით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, იქ თითოეული რისკი იყო გაანალიზებული. მესმის, რომ ბიზნესი არის პროაქტიური, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ბიზნესი არ ითმენს და ასევე არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო დაძლევს სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რომლითაც ჩვენ მას ვახორციელებთ. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად შარშან იყო, როდესაც ჩვენ მესამე კვარტალში გვქონდა პროფიციტი”, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, ბახტაძის თქმით, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი რეგულაცია გადავადებულია.

„სამშენებლო სექტორს აქვს ძალიან დიდი წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს ჰქონდეს განვითარების ძალიან ძლიერი საფუძვლები და არ გვქონდეს ისეთი რეგულაციები, რომელმაც ამ სფეროში შეიძლება გარკვეული ხარვეზები გამოიწვიოს, მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია იყო, რომელიც წინა კვირას რამდენიმე წლით გადავავადეთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმა იპოთეკურ სესხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლარიზაცია არის სწორი გზა, რომელიც არ შექმნის პრობლემას ჩვენი ეკონომიკისთვის.

„რაც შეეხება დაფინანსებას და იპოთეკურ სესხებს, მივესალმები, რომ ლარში რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ლარიზაცია, პროცენტების შემცირება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები. ეს არის სწორი გზა, ისეთი გზა, რომელიც არ შექმნის პრობლემას ჩვენი ეკონომიკისთვის.

რაც შეეხება მაღაზიებში განვადებებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. მე ნამდვილად არ ვიცი, ჩვენი კანონმდებლობა რამდენად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს. მივესალმები ყველაფერს, რაც მოქცეულია საკანონმდებლო ჩარჩოში და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს. ამან სადამდე მიგვიყვანა, ყველას გვახსოვს. 600 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე იყო შავ სიაში. ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მცირედი შესწორებები რეგულაციებში შევიდეს, თუმცა, აღნიშნა, რომ სულისკვეთება და ვექტორი არ შეიცვლება.

„რისკები ყველაფერი შეფასებულია. როდესაც ხდებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფორმირება, ბუნებრივია, ეს რისკები იქნა შეფასებული. მთავრობის წინა სხდომაზე განვაცხადე, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფორმირებას განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა და თუ სტატისტიკამ დაადასტურა, რომ მცირედი შესწორებები არის შესატანი რეგულაციაში, ბუნებრივია ყველა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სულისკვეთება და ვექტორი არ შეიცვლება“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა