ბარსელონაში მყოფი ქართველების ნაწილი აცხადებს, რომ დავით ზალკალიანის ესპანეთში ვიზიტის შემდეგ, მათი ოჯახების მდგომარეობა გაუარესდა

ქართველები ამ მდგომარეობაში არიან მინისტრ დავით ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ, ძალიან გაუარესდა იმ ქართველების მდგომარეობა, რომლებიც ესპანეთში ოჯახებით არიან, - აღნიშნულ განცხადებას ესპანეთში მცხოვრები ქართველები აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ესპანეთში გუშინ ჩატარდა, მინისტრის ვიზიტს უკავშირდება.

საქართველოს მოქალაქეები „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია საკმაოდ მასშტაბური იყო.

„300-მდე სპეცრაზმელი იყო ადგილზე. ძალიან ბევრი დაკავებულია, როგორც მე ვიცი შენობაში მხოლოდ ქართველები არ დაუკავებიათ“, - აღნიშნა ესპანეთში მცხოვრებმა დიანა ციხისთავმა.

ესპანეთში მცხოვრები გიორგი ნოზაძე კი აცხადებს, რომ ქართველები ამ მდგომარეობაში დავით ზალკალიანის ესპანეთში ჩასვლის შემდეგ არიან.

„ძალიან გაფუჭდა აქ იმ ქართველების მდგომარეობა, რომლებიც აქ ოჯახებით არიან. ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია“,- აღნიშნა გიორგი ნოზაძემ.

ესპანეთში მცხოვრები ნანა კუხალეიშვილი კი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ადგილზე სპეცრაზმი მივიდა, ქართველებმა შიგნიდან აჭედეს ფანჯრები, კარები და არ შეუშვეს პოლიციელები.

„შემდეგ მათ თქვეს, რომ ბავშვები დააყენეს ფანჯარასთან. როცა პოლიციელებმა ეს დაინახეს, თავი გაიქნიეს და უკან გაბრუნდნენ, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები გამოეყვანათ “,- განაცხადა ესპანეთში მცხოვრებმა ნანა კუხალეიშვილი.

ცნობისთვის, ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა