ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული თემა უნდა დაიხუროს - ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამომწურავი პასუხები ექნება კითხვებზე, რაც „თიბისი ბანკს“ ეხება

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული თემა უნდა დაიხუროს - ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები ექნება კითხვებზე, რაც “თიბისი ბანკს“ ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ საკითხი არის პროფესიული საკითხი.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკითხი გადატანილია პოლიტიკურ ჭრილში და არის გარკვეული აჟიოტაჟი. ვფიქრობ, რომ ბატონმა კობა გვენეტაძემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არის დაგროვილი. საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია საკითხის მიმართ. ეს თემა უნდა დაიხუროს. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ექნება სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი იმ კითხვებთან მიმართებაში, რაც “თიბისი ბანკის“ საკითხმა შეიძინა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხს, კოვზანაძის შეფასებით, რეგულაციების ამოქმედებიდან საკმარისი დრო არ არის გასული იმისთვის, რომ სრულყოფილი შეფასებები მოხდეს.

“თუმცა თუ ცენტრალური ბანკი შეხედავს, რომ არის მნიშვნელოვანი შემცირება საცალო დაკრედიტებაში, არ გამოვრიცხავ, მიიღოს ელასტიური გადაწყვეტილება ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

გვენეტაძე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგ მოსმენა კითხვა - პასუხის და დებატების ფორმატში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა, თუმცა მან პარლამენტს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პლენარულ სხდომაზე მოესმინათ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე