ვანო მაჭავარიანი - "ბრექსითთან" დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არასერიოზულ ხასიათს ატარებს

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის "ბრექსითთან" დაკავშირებას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არასერიოზული ხასიათი აქვს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მაჭავარიანმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის მიერ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს გაწევრიანების საკითხი.

„ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ე.წ. ბრექსითი საკმაოდ მძიმე, სენსიტიური თემაა, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე - ბრიტანეთისთვის. საბოლოოდ, ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელზე საუბარიც შესაძლებელი გახდება, როდესაც საქართველო სტანდარტების თვალსაზრისით მზად იქნება. „ბრექსითთან“ ამის დაკავშირება უბრალოდ, მეტ გაუგებრობას იწვევს და არასერიოზულ ხასიათს ატარებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩემი აზრით, ასეთი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მოუმზადებელია, რაც ნამდვილად არ წაადგება ურთიერთობებს ევროკავშირთან და მითუმეტეს, ბრიტანეთთან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვფიქრობ, რომ შემდგომში ასეთი განცხადებები მეტად უნდა იყოს კოორდინირებული მთავრობასთან და ელემენტარულად, თუ ეს ქალბატონი სალომეს პირადი მოსაზრებაა, უკეთესი იქნება, უფრო მეტად განმარტოს, რას გულისხმობს, რათა არ გამოიწვიოს გარკვეული გაუგებრობა როგორც პარტნიორებში, ისე ქვეყნის შიგნით და ამას მიეცეს უფრო პოლიტიკის ხასიათი, ვიდრე ემოციური აზრის გამოხატვის რაღაც ფორმა“, - განაცხადა მან.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება განყენებული საკითხია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს.

„ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ოდნავ მაინც ჩახედულ ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განყენებული თემაა, მითუმეტეს, როცა ასე მძიმედ მიდის ბრიტანეთის გამოყოფის პროცესი. საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია, პირველ რიგში, საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების დღის წესრიგზე. პარტნიორების რჩევაცაა, ვკონცენტრირდეთ მხოლოდ იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის სწორად გატარების მხრივ, რაც საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება“, - აღნიშნა ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს