მამუკა ბახტაძის აზრით, დავით ზალკალიანის დადანაშაულება ესპანეთში მყოფი ქართველების მდგომარეობის გაუარესებაში, საფუძველს მოკლებულია

საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოდან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გადინების პროცესი, იაფფასიანი ტყუილია.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისი ინკლუზიურობა იყოს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ სამუშაო ადგილები. რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, მაგრამ მინდა პირდაპირ გიპასუხოთ - საქართველოში სრულფასოვანი აღწერა ჩატარდა 2014 წელს. მე მოვისმინე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომ საქართველოში მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი და ეს არის ძალიან იაფფასიანი ტყუილი. საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს. როდესაც მე ვსაუბრობ განათლებაში მასშტაბურ ინვესტიციაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ. ჩვენი ეკონომიკური გამოწვევები კომპლექსური ხასიათისაა და ბუნებრივია, ერთი ცალკე აღებული რეფორმა არ ეყოფა ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. საქართველო ევროკავშირის ბევრმა სახელწიფომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რომელ დევნაზე მესაუბრებით? ეს არის პოლიტიკური შეფასება. არის ორი ვარიანტი: ან ეს არის ტყუილი, ან მეორე - ეს არის სიმართლე და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო სუბიექტურად“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები იქმნება, თუმცა, არა იმ ტემპებით, როგორიც საჭიროა, შესაბამისად, მთავრობის მთელი რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება.

„საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას რაც შეეხება, შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითოეული ჩვენგანი ამას კარგად ვაცნობიერებთ. მთელი ჩვენი ენერგია, რეფორმების მთელი შინაარსი ფოკუსირებულია იმაზე, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით რეგიონებში. შეგიძლიათ, აიღოთ სტატისტიკა, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და კარგად ჩახედოთ, ამის შემდეგ გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები. მე მესმის, რომ ეს გამოწვევები არის ძალიან მტკივნეული, თითოეულ ჩვენგანს ჰყავს გარშემო მეგობრები, ახლობლები, რომლებიც ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ სამშობლო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და დიდი ტკივილი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მაგრამ ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თითოეული რეფორმა, ინიციატივა, მასშტაბური ინვესტიციები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, სამშობლოში მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია. ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ დაიწყო მასობრივი დევნა და დაკავებები, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში მყოფი ქართველების ნაწილი აცხადებს, რომ დავით ზალკალიანის ესპანეთში ვიზიტის შემდეგ, მათი ოჯახების მდგომარეობა გაუარესდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო