კობა გვენეტაძე - სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც ის მოხსენებით წარსდგა.

გვენეტაძის განმარტებით, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია.

ამასთან, მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა.

კობა გვენეტაძემ დღევანდელ სესიაზე საცალო დაკრედიტების კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომე ეროვნული ბანკის როლი, პარლამენტსა და მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, გადაიდგა ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მანამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს.

„სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/”4Finance”-ი, რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა (მაგ. დიდი ბრიტანეთი) და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა (მაგ. შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი). შეგახსენებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის 100%-მდე და შემდეგ კი 50%-მდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით, მომავალი ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისების მიზნით რიგ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩეხეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, შვეიცარია და ა.შ. შემოიღეს სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის მკაცრი კოეფიციენტები.

ამასთან, გვენეტაძემ განმარტა, რომ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთ ყველაზე რბილ მაჩვენებელს წარმოადგენს. ჩვენზე უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში კი ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო