კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში

სწორედ ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა, მათ შორის საზედამხედველო პოლიტიკა, შეფასებულია არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ და ეს შეფასება არის ყოველთვის საუკეთესო.

,,ეროვნული ბანკი საუკეთესო და სამაგალითოა სხვა, მათ შორის, განვითარებული ქვეყნებისთვისაც. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. სწორედ ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში. უკომპრომისო საბანკო ზედამხედველობის შედეგია, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებაც ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკასა და წარმატებულ რეფორმებს ატარებს და ჩემი მოვალეობაა მივიღო საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ასევე, კობა გვენეტაძემ საკუთარ უწყებაზე საუბრისას ისიც განაცხადა, რომ სადავო საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოში უნდა ხდებოდეს.

ქვეყნის მთავარი ბანკირის განცხადებით, პარლამენტის სხდომებზე საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას.

,,საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკი არის ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის მიერ კონკრეტული ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის (მათ შორის, კომერციული ბანკის) მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ზომების საჯარო განხილვა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამით საფრთხე ექმნება საბანკო-საფინანსო სექტორის სტაბილურობას,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც მან სესიაზე განაცხადა, საფინანსო სექტორი ეკონომიკის ის სექტორია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს მშვიდ გარემოს. შესაბამისად, შექმნილი აჟიოტაჟი საფინანსო სექტორის განვითარებაზე დადებითად არ აისახება.

მისივე განმარტებით, პარლამენტის სხდომებზე კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი მანდატის მქონე რეგულატორის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა, მით უფრო კონკრეტული საზედამხედველო ზომების გამოყენების თაობაზე, აყალიბებს საფრთხის შემცველ პრაქტიკას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობას, გამოიწვევს საზედამხედველო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვას და საბოლოო ჯამში, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა